ანგარიშის თანახმად, 2014 წლის პირველ ნახევარში საჯარო ინფრასტრუქტურაში 305 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა, აქედან – წყალმომარაგების სექტორში 23 მილიონი; საავტომობილო გზების მიმართულებით 215 მილიონი; მშენებლობაში 61 მილიონი; ხოლო “სხვა” პროექტებში 6 მილიონი ლარი.

“ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 209 პროექტის განხორციელება დაიწყო, ასევე, განაგრძობს მიმდინარე 302 პროექტის განხორციელებას. წლის პირველი მონაცემებით დასრულებულია 114 პროექტი,” – აღნიშნულია ოფიციალურ პრესრელიზში.
სამინისტროს ინფორმაციით, გზის მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის 6 თვის გეგმიური ბიუჯეტი 230,8 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან ათვისებულია 217,9 მილიონი ლარი. ამ მიმართულებით სამინისტრო პრიორიტეტად ასახელებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტებს. მინისტრის განმარტებით, 2014 წლის 6 თვეში სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა სულ 131 კმ საგზაო მონაკვეთზე, ხოლო წლის ბოლომდე 140 კილომეტრამდე გზის მშენებლობა იგეგმება.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს წყალმომარაგების სისტემის სარებილიტაციო სამუშაოები დასრულდება 14 ქალაქში. ანალოგიური სამუშაოები ბოლო 6 თვეში 28 ქალაქში დაიწყო.
სამინისტროში ასევე ამტკიცებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასრულდა 14 მილიონ 68 ათასი ლარის ღირებულების სალთვისი–ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რამაც 39 სოფლის მოსახლეობას სახნავ–სათესი მიწების მორწყვის პრობლემა მოუხსნა.
მინისტრის თქმით, ფოთსა და ზუგდიდში 536 დევნილი ოჯახისთვის 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს:
“გარდა ამისა, მიმდინარეობს 82 ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებიც. აქედან 40 უკვე დამონტაჟებულია,” – აცხადებს ხოკრიშვილი.
სამინისტრო ხაზს უსვამს როშკა–არხოტის 25-კილომეტრიანი გზის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე თბილისი–რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებას და ანაკლიის ნაპირდაცვითი ნაგებობების მშენებლობის პირველი ეტაპის მიმდიანრეობას. რაც შეეხება ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის პროექტებს, სამინისტროს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 მილიონ 76 ათასი ლარია.
“გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით დაიწყო იმერეთის და ქვემო ქართლის ახალი რეგიონული საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე ვახორციელებთ 70 მილიონიან პროექტს, რომელიც თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტის მოწყობას ითვალისწიენბს და სამუშაოების დასრულება 2015 წელს იგეგმება,”– აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 6 თვის ხარჯები წინა წლებთან შედარებით ბევრად გაზრდილია.
რაც შეეხება რეგიონალურ განვითარებას, მინისტრი თვითმმართველობის ახალ კოდექსზე აქცენტირებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით სამინისტრომ ბევრი იმუშავა.
დღეს წარმოდგენილ ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ თბილისში მიუსაფართათვის დაიწყება თავშესაფრის აშენება. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ როდის დაიწყება მშენებლობა, მინისტრი პასუხობს:
“თბილისში იცით, რომ იყო ფორსმაჟორული სიტუაცია და დროებით მოეწყო თავშესაფარი ზამთარში. მერია თავის დროზე გლდანში გეგმავდა სამუშაოების განხორციელებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მერიასთან გვაქვს კომუნიკაცია და რადგანაც ეს უშუალოდ ქალაქის პრეროგატივაა, რომ ამაზე იზრუნოს, ამიტომ ჯერჯერობით ვართ იმ ფაზაში, რომ შეთანხმდეს ქალაქის თვითმმართველბოასთან. უშუალოდ ჩვენი სამინისტრო ვერ გახდება ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი. აუცილებლად უნდა შეთანხმდეს თვითმმართველობასთან, რომელსაც უკვე ექნება თავისი ხედვა ამ პრობლემის მოგვარების და შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავერთოთ და დავეხმაროთ ამ პროექტის განხორციელებაში. ფინანსურად დავეხმარებით თუ ტექნიკურად, ეს უკვე კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ გაირკვევა.”
რაც შეეხება სხვა ქალაქებში ანალოგიური თავშესაფრის მშენებლობას, მინისტრის განმარტებით, უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა და გაირკვეს, რამდენად არსებობს სხვაგან ამის მოთხოვნა:
“მიახლოებით ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და პრევენტულად ჩვენ შეგვიძლია რაღაც ზომები განვახორციელოთ, რომ ამის აუცილებლობა როგორც კი დადგება, ფორსმაჟორულად ჩვენ მზად ვიყოთ ამ ადამიანებს შევთავაზოთ ეს თავშესაფარი ზამთრის პერიოდში. კომისიამ, რომელშიც ყველა სამინისტროს წარმომადგენელია ჩართული, გადაწყვიტა, რომ თავშესაფარი უნდა აშენდეს. ეს საჭიროება ამ კომისიის ფარგლებში განიხილება და ზუსტდება დეტალები.”

კითხვაზე, დათვლილია თუ არა ხარჯები, რომელიც თავშესაფრის აშენებას დასჭირდება, მინისტრი ამბობს:
“არ არის, იმიტომ, რომ ყველა სამინისტრო თავისი მიმართულებით მუშაობს, ინფორმაციას აგროვებს და შემდეგ უკვე მოხდება ამის შეჯერება, ანუ სად რა საჭიროება არსებობს.”
