ახალი ამბები

სასაამრთლომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმის სააპელაციო საჩივრები მოისმინა

9 ივლისი, 2014 • • 1284
სასაამრთლომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმის სააპელაციო საჩივრები მოისმინა

დღეს, 9 ივლისს ქუთაისში პირველი სხდომა გაიმართა:

 

“სასამართლომ დღეს სააპელაციო საჩივრები მოისმინა. საქმე წარმოებაშია მიღებული. როგორც მერაბიშვილის, ასევე ჭიაბერაშვილის ეპიზოდია გასაჩივრებული და სასამართლო ზეპირი მოსმენით იხილავს”,– ამბობს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

 

სასამართლოს მომდევნო სხდომა 25 აგვისტოს გაიმართება. 

 

“მოწმეების დაკითხვა არ მოხდება. შეიძლება 25–ში პირდაპირ დასკვნითი სიტყვის მოსმენა იყოს, თუ კი რაიმე დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოადგინეს მხარეებმა. ასეთ შემთხვევაში, განაჩენი იმ დღესვე გამოცხადდება. დღეს მხოლოდ ზეპირი მოსმენა გაიმართა,” – ამბობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსი ხათუნა ომანაძე.

 

2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 50 ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ა’’, ‘’დ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით (მითვისება, გაფლანგვა), 1641 მუხლით  (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. 

 

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილს წარდგენილი ბრალდება – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მულის მე-2 ნაწილი) შეეცვალა სხვა ბრალდებით, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი), რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50 ათასი ლარის ოდენობით.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს უკან დაუბრუნდება გირაოს სახით გადახილი 20 ათასი ლარი.

 

ვანო მერაბიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება- ორი ეპიზოდი) ამოერიცხა, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული ბრალდებისთვის, ამნისტიის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მოსამართლემ მიუსაჯა 1 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლომ მერაბიშვილი, ასევე, დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა), რისთვისაც ამნისტიის გათვალისწინებით, მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ამნისტიის გათვალისწინებით, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი