ახალი ამბები

სახალხო დამცველი ჯაბა ანანიძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

9 ივლისი, 2014 • • 904
სახალხო დამცველი ჯაბა ანანიძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

“მიმდინარე წლის 8 ივნისს ტელეარხ 25-ის ეთერში ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გადაიცა ანანიძის საავტორო ფილმი, რომელიც შეეხებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა საქმიანობას. ჟურნალისტის განმარტებით, ფილმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მას პირად მობილურზე დაუკავშირდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, რომელიც ეთერში გასული ფილმის შინაარსის გამო ჟურნალისტს ემუქრებოდა.


სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.


მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს საგამონაკლისო ნორმებს, რომელიც საშუალებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს უარი თქვან გამოძიების დაწყებაზე, უფრო მეტიც, ისინი ვალდებული არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა ეფექტურად გამოავლინონ დანაშაულებრივი ქმედებები და სათანადო რეაგირება მოახდინონ კანონდარღვევებზე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ადგენს გამოძიების დაწყების მოვალეობას.


საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მედეა ვასაძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული სავარაუდო უკანონო ქმედებების თაობაზე, ვინაიდან მხოლოდ დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებით არის შესაძლებელი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი