ახალი ამბები

შემდეგ სეზონზე საქართველო გრიპის საწინააღმდეგო ორჯერ მეტ ვაქცინას შეისყიდის

8 იანვარი, 2019 •
შემდეგ სეზონზე საქართველო გრიპის საწინააღმდეგო ორჯერ მეტ ვაქცინას შეისყიდის

2019-20 წლისთვის სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ორჯერ მეტ დოზას შეისყიდის, ვიდრე მიმდინარე სეზონზე.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, 2018-19 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 41 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. უფასო ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი და მარაგი უკვე ამოწურულია.

“სახელმწიფო მარაგები წელს ორჯერ მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს – დაახლოებით 41 000 ვაქცინა. ეს მარაგი უკვე თითქმის მთლიანად ამოწურულია. გარდა ამისა, 15 000 ადამიანი აიცრა კერძო სექტროში. ამ სეზონზე სახელმწიფო ვაქცინების შემოტანას არ აპირებს. თუმცა შემოდგომაზე, ახალი სეზონის წინ, ორჯერ მეტი, 80 000 ვაქცინის შესყიდვა იგეგმება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გრიპის საწინააღმდეგო აცრის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, H1N1 ვირუსით საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო არის გრიპის სეზონის  დაწყებამდე – ევროპაში (რომელსაც საქართველო განეკუთვნება) ეს პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია. მიუხედავად ამისა, ვაქცინაცია წლის ნებისმიერ დროს შეისაძლებელია. იმუნიტეტის გამომუშავება კი აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყება.

როგორც აღვნიშნეთ, გრიპზე აცრისთვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომაა. შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკების დიდ ნაწილში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დეფიციტშია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების ნაწილში აცრის გაკეთება კვლავ შეიძლება. საქართველოში ძირითად ორი – ფრანგული და ჰოლანდიური წარმოების ვაქცინები არის შემოტანილი. პირველის ფასი ამ დროისთვის 60 ლარია, მეორის – 40 ლარი.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, გრიპის პრევენციისა და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელსაც  შეუძლია დაავადების რისკი 60%-ით შეამციროს. ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე, ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება WHO-ს მიერ რეკომენდებულია შემდეგ რისკჯგუფებში:

  • ორსულები;
  • ბავშვები 6-59 თვის ასაკში;
  • ხანდაზმულები;
  • სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები;
  • ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელნი.

აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 2018-19 წლების გრიპის სეზონისთვის საქართველოში სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკჯგუფებად განისაზღვრა:

  • ორსულები;

  • 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;

  • დიალიზზე მყოფი პირები;

  • ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;

  • C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;

  • აივ ინფიცირებული პირები;

  • სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი