ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვალების ჩამოწერა, უძრავი ქართული პოლიტიკა – საერთაშორისო მედია სამხრეთ კავკასიაზე

9 იანვარი, 2019 • 6090
ვალების ჩამოწერა, უძრავი ქართული პოლიტიკა – საერთაშორისო მედია სამხრეთ კავკასიაზე

2018 წლის მიწურულს სამხრეთ კავკასია საერთაშორისო მედიაში ყველაზე მეტად მოხვდა სომხეთის საპარლამენტო და საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

სომხეთი – წლის საუკეთესო ქვეყანა გარდაქმნის მოლოდინითა და თანმდევი გამოწვევებით – The Economist

გასული წლის ბოლო თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით დაგვირგვინდა პროცესი, რომელიც სომხეთში აპრილის ბოლოს დაიწყო და ხავერდოვანი რევოლუცია ეწოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომლის პარტიასაც არჩევნებზე მისული მოქალაქეების 70%–მა მისცა ხმა.

სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანას სწრაფი და თვალშისაცემი ცვლილებები ერთ–ერთმა გავლენიანმა მედიასაშუალებამ – The Economist-მაც დაუფასა და 2018 წლის ქვეყნად დაასახელა. გამოცემამ მიიჩნია, რომ გასულ წელს სწორედ სომხეთი იყო სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა, ხოლო ექსპრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეენარჩუნებინა ძალაუფლება, მოსახლეობამ რევოლუციით გაისტუმრა ის  და “პუტინის მმართველობის სტილს უარი უთხრა” ისე, რომ “არავინ მოუკლავთ”, “რუსეთისთვის ჩარევის საშუალება არ მიუციათ”.

თუმცა გამოცემამ ასევე მოამზადა სტატია სომხეთის რევოლუციის იდეების მომავალსა და გამოწვევებზე, რომელთა ფონზეც გარდაქმნის დაპირებით მოსული ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება 2019 წელს ხვდება.

მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც ანალიტიკოსები, ისე რიგითი მოქალაქეები ბოლო 7 თვის პროგრესზე საუბრობენ: მძღოლები ამბობენ, რომ პოლიციას ქრთამის მოთხოვნის ეშინია; ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერი და რუსეთზე დაქვემდებარებული თავდაცვის ბლოკის გენერალური მდივანი გამოძიების ობიექტები არიან…

თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ არის ფაქტორები, რომლებთან დაკავშირებითაც ფაშინიანს თვითკონტროლი დაკარგული აქვს:

“მაღალი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ, შეეხონ ჩვეულებრივ ადამიანებს ან მცირე ბიზნესებს, რომლებიც იღებდნენ ქრთამს, თუმცა დასჯიან კორუმპირებულ მაღალჩინოსნებსა  და ოლიგარქებს. ბატონი ფაშინიანი ნაკლებ ლმობიერი ჩანს. პრემიერ–მინისტრი დაემუქრა ოლიგარქებსა და სოფლების ოფიციალურ პირებს, რომელთაც მოისყიდეს ან დააშინეს ამომრჩევლები წარსულში ჩატარებულ არჩევნებზე. “კისრით დაგიჭერთ და ოფისებიდან გაგყრით” – თქვა მან. ”

 ნიკოლ ფაშინიანი ხმას აძლევს სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ფოტო: EPA/VAHRAM BAGHDASARYAN


ნიკოლ ფაშინიანი ხმას აძლევს სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ფოტო: EPA/VAHRAM BAGHDASARYAN

The Economist-ის რესპონდენტი, ეკონომისტი და ყოფილი პრემიერი ჰრანტ ბაგრატიანი აღნიშნავს, რომ დაპატიმრების რისკები, თუ ის არაა გამყარებული ძლიერი მტკიცებულებებით, ბიზნესკლიმატს საფრთხეს უქმნის. უცხოელი ინვესტორები კი, რომლებზეც ფაშინიანი იმედებს ამყარებს, მოლოდინის სტადიაში არიან.

ავტორის შეფასებით, მიმართულება, რომლის შემთხვევაშიც დიდ ცვლილებებს არავინ ელის, საგარეო ვექტორია, რომელიც “სომხეთში ნაკლებადაა არჩევანის საკითხი, თუ არა აუცილებლობა.

“ბატონი ფაშინიანი და მისი მინისტრები, შესაძლოა, ეცადონ, დუახლოვდნენ ევროპასა და ამერიკას, თუმცა იციან, რომ ვერ გამოიწვევენ სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთზე”, – წერს ჟურნალისტი და ხაზს უსვამს ერევნის რთულ ურთიერთობებს მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

მასალაში ნათქვამია, რომ მეზობლებთან რთული ურთიერთობების ფონზე ბევრი სომეხი რუსეთს ხედავს თავდაცვის ერთადერთ წყაროდ.

ანალიტიკოსი ემილ დანიელიანი გამოცემას ეუბნება, რომ დასავლეთის აზრი, რომ რუსეთის გავლენის სფეროში წარმოქმნილი დემოკრატიული მოძრაობა აუცილებლად ანტირუსული უნდა იყოს, სომხეთის შემთხვევაში არასწორი აღმოჩნდა. ექსპერტს მაგალითად საქართველო მოჰყავს, ქვეყნის ლოდინს NATO–ში გაწევრიანებისათვის თავდაცვის ვაკუუმად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ თუ თბილისი ახერხებს ამ პოზიციაში იყოს 10 წლის მანძილზე, “სომხეთში თავდაცვის ვაკუუმში ყოფნა 10 წუთითაც არ შეუძლიათ”.

არცერთი კარგი ვარიანტი არჩევნებზე – საქართველოს მძიმე პოლიტიკური ცხოვრება Open Democracy-ს ავტორის თვალით

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საერთაშორისო მედიამ და ანალიტიკურმა პლატფორმებმა დეკემბერშიც არაერთგზის განიხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა მოამზადა ბრიტანეთში დაფუძნებულმა პოლიტიკურმა ვებგვერდმა Open Democracy-მ, რომელშიც ავტორი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების მიზეზებზე, მმართველი გუნდის მეთოდებსა და ოპოზიციის არასაკმარისი წარმატების მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

არჩევნების ამგვარი შედეგების განხილვისას სტატიის ავტორი ორივე პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებს. მისი აზრით, უპირველესი ფაქტორი, რამაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს არჩევნები მოაგებინა, არის მოსახლეობის დიდი ნაწილის შიში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებისა. მისივე შეფასებით, ეს სათავისოდ გამოიყენა “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მოსახლეობას სააკაშვილის მმართველობის დროს ოპოზიციის შევიწროების, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სხვა ფაქტებს ახსენებდა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. ფოტო: EPA/IRAKLI GEDENIDZE / POOL

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. ფოტო: EPA/IRAKLI GEDENIDZE / POOL

“მეორე მხრივ, მმართველი პარტია ცდილობდა ეიძულებინა საჯარო მოხელეები, ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა, ემუქრებოდნენ მათ სამსახურის დაკარგვით, თუ ამას არ გააკეთებდნენ. ასევე, გახმიანდა შემთხვევები ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ”, – აღნიშნავს ავტორი და ამატებს, რომ მსგავს პრაქტიკას წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ადგილი.

Open Democracy-ს სტატიაში ასევე ნახსენებია ვალების ჩამოწერის პროცესის დაწყებაც სახელმწიფოს მიერ, რომელიც პარტიის მილიარდერმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფონდიდან დააფინანსა.

მიმომხილველი აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებაში წვლილი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც შეიტანა. მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ასპარეზი საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისათვის დაეთმო, სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჭარბად აქტიურობდა მედიაში და ქუჩის აქციებით იმუქრებოდა. აღნიშნულმა ფაქტორმა კი, მიმომხილველის შეფასებით, “მის ოპონენტებში” გააჩინა მოლოდინი “სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ახალი რევოლუციის” შესახებ.

“მართლაც, ეს შეშფოთება გაძლიერდა “ქართული ოცნების” გზავნილებითაც, რომლის ლიდერებიც ოპოზიციის პოლიტიკური უწესრიგობის შესახებ გაფრთხილებებს იძლეოდნენ”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ანალიტიკოსის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას 2020 წლამდე წარმატების მიღწევა სურს, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოიცილოს. ის აღნიშნავს, რომ სწორედ სააკაშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრეობამ და მისი დაბრუნების აღკვეთის სურვილმა განაპირობა  ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა იმ ადამიანებისგანაც, ვინც მმართველი გუნდისადმი უარყოფითად იყო განწყობილი.

“სააკაშვილი აცხადებდა, რომ არანაირი სურვილი ჰქონდა, ქვეყანაში რაიმე ოფიციალური ფუნქცია შეესრულებინა, თუმცა ამის ცოტას თუ სჯეროდა”, – წერს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, შესაძლოა, ისეთივე კულუარული მმართველი გამხდარიყო, როგორიც ახლა ივანიშვილია.

Open Democracy-ს სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვება მმართველი პარტიისთვის დიდი წარმატება არ არის. მისი აზრით, მოსახლეობის სოციალური განწყობების ბარომეტრი, რეალურად, არჩევნების პირველი ტური იყო, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტს სულ 1%–ით გაუსწრო. ანალიტიკოსის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკა ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს იმისთვის, რომ შეუსრულებელი დაპირებებით დაღლილი მოსახლეობის მხარდაჭერა კვლავ დაიმსახუროს.

დასასრულს, ორივე პოლიტიკური ბანაკის მიმართ არსებული სკეპტიციზმის ფონზე, ავტორი ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებასაც აღნიშნავს, ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობით, და დასძენს, რომ “ახალმა ენერგიამ, შესაძლოა, ქართულ პოლიტიკაში  სუფთა ჰაერიც დაჰბეროს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ელის”.

 ყარაბაღის ომის შემდგომი თაობა მეხსიერების გარეშე

2018 წლის ერთ–ერთი ბოლო სტატია გამოცემა Eurasianet–მა აზერბაიჯანელ ბავშვებში სომხეთთან ომის არარსებულ, თუმცა უფროსი თაობის მიერ “ნასწავლ” მეხსიერებას მიუძღვნა. სტატიის ავტორი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებს ესტუმრა და აღწერა, სად და რას ასწავლიან ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც საცხოვრებლების დატოვება ორი ათეული წლის წინ მოუწიათ.

სტატიის ერთ–ერთ გმირს, 7 წლის ალის, მშობლიური მხარე, ქელბაჯარი არასოდეს უნახავს, თუმცა უფროსების შეკითხვაზე, საიდანაა, სწორად პასუხობს, მომდევნო კითხვაზე კი, სად არის ქელბაჯარი, 7 წლის ბიჭუნა მიუგებს:

“სომეხთა ოკუპაციის ქვეშ”.

ალის ოჯახის წევრები  მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს შორის არიან, რომელთაც 1993 წელს მთიანი ყარაბაღის დატოვება მოუწია. მათი დიდი ნაწილი გამყოფი ხაზის მომიჯნავე ტერიტორიებზე დასახლდა.  ბიჭუნას მამა, ქისმეთ გულიევი, ერთ–ერთი სკოლის ადმინისტრაციაში მუშაობს, რომელიც ომით დაზარალებულ ოჯახებს ემსახურება. ოჯახი ამავე ამავე სკოლის – ერთ დროს, საპყრობილის – შენობაში ცხოვრობს.

ომიდან 24 წლის შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლებში უფრო ძლიერია რწმენა, რომ სახლებში დაბრუნდებიან. თუმცა ახალი თაობა ისე გაიზარდა, რომ ყარაბაღი არც უნახავთ, რაც მათი მშობლებისათვის პრობლემაა.

ალის მამის თქმით, სკოლაში ყველა მოსწავლეს უნერგავენ, საკუთარი მიწით იამაყონ  და ყოველთვის მზად არიან, დაუბრუნდნენ მას. თუმცა, ყველა არ არის განმსჭვალული ამგვარი ოპტიმიზმით.

“ჩვენმა შვილებმა ამ მიწის შესახებ არ იციან. და თუ ჩვენი თაობა მას არ დაიბრუნებს, როცა მოვკვდებით, ისინი მას მათ[სომხებს] გადაულოცავენ”, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას მირზაჰან მამედოვი, რომელიც სომხების კონტროლის ქვეშ მყოფი ლაჩინის რეგიონიდანაა და ამჟამად ბარდაში ცხოვრობს.

ამ პირობებში, აზერბაიჯანელ ბავშვებს იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებში მეხსიერებას ისე “უქმნიან”, როგორც შეუძლიათ: სკოლებში ომში დაღუპულთა ფოტოებია გამოფენილი, სასკოლო ოთახებში კი პლაკატებსაც შეხვდებით სომხების მიერ დაკავებული ტერიტორიების სახელებითა და მათი დაკარგვის- მეორე მხარისთვის კი, გათავისუფლების – თარიღებით.

ყარაბაღის ომში დაღუპულთა სურათები ქუზანლის ერთ–ერთ სკოლაში. ფოტო: ევრაზიანეტი

ყარაბაღის ომში დაღუპულთა სურათები ქუზანლის ერთ–ერთ სკოლაში. ფოტო: ევრაზიანეტი

გამოცემის ცნობით, ეს საკითხი სასწავლო ბადეშიც არის შეტანილი: მოსწავლეებს ავალებენ, დაკარგული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მოიძიონ და დაწერონ თხზულებები აზერბაიჯანელების ხოცვაზე სოფელ ხოჯალიში, რომელიც 1992 წელს მოხდა და  რასაც ბაქოში გენოციდად მოიხსენიებენ.

“მეოთხე–მეხუთე კლასში ბავშვებმა უკვე ყველა ძირითადი თარიღი იციან და თუ ეს ასე არაა, სხვა ბავშვები ახსენებენ მათ”, – აცხადებს აითენ აბასოვა, სკოლის მასწავლებელი.

 

Eurasianet–ის ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ იძულებით გადაადგილებულთა კეთილმოწყობისათვის 1.35 მილიარდი დოლარი დახარჯა, თუმცა, როგორც გამოცემა თბილისში დაფუძნებულ ანალიტიკურ ვებგვერდზე, ifact.ge-ზე დაყრდნობით იუწყება, ამ თანხის მხოლოდ ნაწილის აღრიცხვაა შესაძლებელი. ამ დროისთვის, საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, 280 000 ადამიანია საცხოვრებლით დაკმაყოფილებული. მთავრობამ ამ რეგიონებში სახელმწიფო დაწესებულებების ახალი შენობებიც ააგო.

თუმცა აღნიშნული ღონისძიებები დევნილთა პრობლემებს მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. ზოგიერთი მათგანი თავს მეორე კლასის მოქალაქედ გრძნობს.

“გამიგია, როგორ ამბობენ ადგილობრივები: ო, ეს დევნილები, უკეთესი იქნება, თუ დაგვტოვებენ, ჩვენ გვჭირება ეს მიწა, ისინი კი მოვიდნენ და დაიკავეს ის. აქ ვცხოვრობთ, თუმცა ეს ადგილი ადგილობრივ ხალხს ეკუთვნის, ჩვენ არა. ჩვენ ჩვენს სახლებში უნდა დავბრუნდეთ”, – ამბობს მირზაჰან მამედოვი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დევნილთა უმეტესობა სახელმწიფოს მხრიდან მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მიღებულ ზომებს დადებითად აფასებს, თუმცა ხაზს უსვამს მის ჩაჭრას ტერიტორირების დაბრუნების კუთხით. მათგან ისმის კითხვა: თუ უნდა დაბრუნდნენ, რატომ ხარჯავს მთავრობა ამდენ ფულს ახალი საცხოვრებლების აშენებაზე მათთვის?

“ყოველდღე გვესმის ტელევიზიით, რომ მთავრობა ამბობს – ჩვენ დავბრუნდებით უკან, ჩვენ დავბრუნდებით უკან… მაგრამ ისინი არაფერს აკეთებენ. მეჰრიბან ალიევას[პრეზიდენტის ცოლსა და ვიცეპრეზიდენტს] მსოფლიოს ყველა კუთხეში აქვს სახლი, ჩვენ კი არაფერი გვაქვს”, – აცხადებს 28 წლის ელმირი, რომელიც ყარაბაღში მდებარე აღდამის რეგიონიდან გამოდევნეს, როცა ჯერ კიდევ ბავში იყო.

ყარაბაღიდან გამოდევნილი ადამიანების შვილების დიდ ნაწილს, მშობლიური ტერიტორიების მსგავსად, არც სომეხი ადამიანი უნახავთ ოდესმე. განწყობებიც ისეთია, როგორსაც ასწავლიან.

აითენ აბასოვას თქმით, რომელიც სტუდენტობისას სომეხ ოჯახთან ცხოვრობდა, ბავშვებს ასწავლიან, რომ ყველა სომეხი დამნაშავე არაა და მათაც ისეთივე ბავშვები ჰყავთ, როგორებიც ისინი არიან. თუმცა ზემოთ ნახსენები 7 წლის ალის მამა, ქისმეთ გულიევი, ბავშვების განწყობებს ასე არ აღწერს:

“ყველა ბავშვი ხედავს სომხებს, როგორც მტრებს, ჩვენი მიწების ოკუპანტებს და ჩვენი ღარიბული ცხოვრების წესის განმაპირობებლებს”, – ამბობს ის. შუა საუბრისას ოთახში ალის და, 13 წლის ჰეჯერი შევიდა, რომელსაც უფროსებმა ასევე ჩაუტარეს მცირე “ტესტი”

– შეგვიძლია, სომხებთან ერთად ვიცხოვროთ?

– არა, რადგან მათ ჩვენი მიწები დაისაკუთრეს.

– რას ფიქრობ, როცა იგებ სიტყვას “სომეხი”?

– მათ დაანგრიეს ჩვენი სახლ–კარი და მოგვიწყვეს გენოციდი.

– გინდა, სკოლაში სომეხ ბავშვებთან ერთად ისწავლო?

პაუზის შემდეგ ბავშვი ამბობს: არ ვიცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი