ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული “ტამიფლუს” მარაგი ოთხ სააფთიაქო ქსელში ნაწილდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, H1N1-ს, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ავერსის”, “PSP”-ს, “ფარმადეპოსა” და “GPC”-ს ქსელებში შედის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დროისთვის, სამინისტროს მარაგებიდან, დაახლოებით, 800 კოლოფი “ტამიფლუ”-ა გაცემული.

გადაწყვეტილება უწყებამ აფთიაქებში მედიკამენტის დეფიციტის გამო მიიღო.

მანამდე, გუშინ, 5 იანვარს, გაფართოვდა იმ ადამიანთა სია, რომელთა შემთხვევაშიც H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, “ტამიფლუს” უსასყიდლოდ მიიღებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ  ბავშვები და ასაკით პენსიონერები, ისინი ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები.

სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს აფთიაქებში მედიკამენტის უფასოდ მისაღებად შესაბამისი ფორმა 100-ს წარდგენა დასჭირდებათ.

მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, მიიღონ ინფორმაცია, რომელ აფთიაქში შეუძლიათ მედიკამენტის შეძენა, შეუძლიათ, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე : 15 05

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა, მიმართვიანობა ამბულატორიებში შემცირებულია, თუმცა კლინიკებთან მიმართებით, ტენდენცია არ შეცვლილა.