ახალი ამბები

ქუცნაშვილის აზრით, მეჭიაური „უზნეო ცხოვრების წესით მავნე ზეგავლენას ახდენს“ მოსახლეობაზე

4 იანვარი, 2019 • 5643
ქუცნაშვილის აზრით, მეჭიაური „უზნეო ცხოვრების წესით მავნე ზეგავლენას ახდენს“ მოსახლეობაზე

პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი დღეს, 4 იანვარს, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა თიანეთში მომხდარ მკვლელობას და ამაში ირიბად თიანეთის მოქმედი მერი თამაზ მეჭიაური დაადანაშაულა. ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ თამაზ მეჭიაური „უზნეო ცხოვრების წესით“ ცხოვრობს და „მავნე ზეგავლენას ახდენს“ თიანეთის მოსახლეობაზე. მან ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად „კაპოტზე ქეიფი“ დაასახელა.

ზაქარია ქუცნაშვილი: „ბევრი იუმორით ხვდებოდა იმას, რომ „კაპოტზე“ ქეიფის პროპაგანდირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი. მე მგონი, ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ. იმიტომ, რომ როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კაპოტზე“ ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია. მაგრამ ჩვენთან ამის პროპაგანდირება ხდება ამ უზნეო ცხოვრების წესით, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება სავალალო შედეგებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა“.

3 იანვარს დაბა თიანეთში ორი კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს. ქუცნაშვილის თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები ნასვამები იყვნენ და ზოგადად, გახშირდა ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ აღნიშნული დეტალები არ გაუვრცელებია, ასევე უცნობია ოფიციალური სტატისტიკა, გაიზარდა თუ არა ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი.

თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა დეპუტატის შეურაცხმყოფელ ბრალდებებს ასევე შეურაცხყოფით უპასუხა. მან ფეისბუკზე დაწერა: “ამ ცურცლა ბიჭმა ვერ გაიგო რომ ღორის(ტახის) წელი დაიწყო და არა მისნაირი პატარა ქუცუნიების (გოჭების)! ხადას ხეობაში ამერიკელების ოჯახის მკვლელობასაც კაპოტს ხომ არ აბრალებს? ისე, მიცვალებულებს მაინც შეეშვი და გამოძიებას აცალე, შე ძალად იურისტო!”

თიანეთის არჩეული მერი თამაზ მეჭიაური და საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაუპირისპირდნენ. თიანეთში არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი