ახალი ამბები

მიმართვიანობის გაორმაგების გამო ოჯახის ექიმთან დალოდების პერიოდი გაზრდილია – სერგეენკო

27 დეკემბერი, 2018 • 1094
მიმართვიანობის გაორმაგების გამო ოჯახის ექიმთან დალოდების პერიოდი გაზრდილია – სერგეენკო

გრიპის ვირუსის გამო გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე, საოჯახო ჯანდაცვის ცენტრები, შესაძლოა, 24/7-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ოჯახის ექიმთან დალოდების პერიოდი გაორმაგებული მიმართვიანობის ფონზე გაზრდილია.

“ერთია, როცა პაციენტებს სტაციონარში ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ჰოსპიტალში ადგილებზე შეთანხმება არ გაქვს. მეორე არის, როდესაც ამბულატორიებში აკითხავენ კონსულტაციისთვის ოჯახის ექიმს. ასეთ შემთხვევაში დალოდების პერიოდი გაზრდილია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ადგილი არ არის, არამედ გაზრდილი მიმართვიანობის გამო. მიმართვიანობა გაორმაგებულია. ჩვენ დღეში 2-ჯერ გვაქვს მიმართვიანობის და სასწრაფოს გამოძახებების შეფასება. დღეს საღამოს კიდევ ერთხელ გადავაფასებთ და თუ ჩვენება გაჩნდა, უკვე გადავალთ პროტოკოლზე, რომლითაც საოჯახო ცენტრები 24/7 რეჟიმზე გადადიან”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები შარშანდელთან შედარებით მომატებულია. ამასთან, მინისტრი ხაზს უსვამს, რომ წლევანდელი ვირუსების უმეტესობა H1N1-ია, რომელიც სხვა ვირუსებთან შედარებით,უფრო რთულად მიმდინარეობს

“რაოდენობრივად ვირუსის შემთხვევები ახლა უფრო მეტია, ვიდრე შარშან, მაგრამ დაახლოებით იგივე იყო 2 წლის წინ. განსხვავება არის ის, რომ თუ ორი წლის წინ სხვადასხვა გამომწვევები იყო, წელს უკვე დომინირებს ერთი კონკრეტული გამომწვევი – H1N1, რომელსაც შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასითაებს, ვიდრე სხვა გამომწვევებს. 100 000 მოსახლეზე ავადობის გაზომვა ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით კვირაში ერთხელ. ორშაბათს გვექნება ახალი მონაცემები. მთავარია, ჯანდაცვის სისტემა მზად არის თუ არა საგანგებო მზადყოფნისთვის. დიახ, ამისთვის სისტემა მზად არის”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, H1N1 ვირუსით წელს ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი