ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, როგორც კი პოლიციაში დადგინდა, რომ ბეჟაშვილი დეპუტატია, მაშინვე გაათავისუფლეს:
“მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი ითვალისწინებს პირის პოლიციაში მიყვანის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროა პირის ვინაობის დადგენა და ადგილზე ამის დადგენა ვერ ხერხდება. ჩემი ინფორმაციით, როგორც კი დაადგინეს მისი ვინაობა, გამოუშვეს. მე არ ვიცი, ეტყობა მას არ ჰქონდა რაიმე საბუთი, მათ შორის პარლამენტის წევრის მოწმობა. “
მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში პარლამენტის წევრის იმუნიტეტი არ მოქმედებს:
“ასეთი დარღვევის დროს, რიგ შემთხვევებში, უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, პოლიციელს ან გარემოს დაცვის სამსახურს, ასევე სასამართლოს შეუძლია პარლამენტისთვის შეტყობინების ან მისი თანხმობის გარეშე დააკისროს პარლამენტის წევრს ჯარიმა, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული სხვა რამეა. “
ბეჟაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმად მას პოლიციამ დაკავებისას უფლებები არ განუმარტა, ხმალაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პირს საკუთარი უფლებები სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას განემარტება:
“ოქმის შედგენა შეიძლება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდეს, ან რიგ შემთხვევებში ორი ან სამი დღის შემდეგაც. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, ჩემი და შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ამბობს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს დაკავებისთანავე უნდა განუმარტონ უფლებები. “
გუშინ საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ 4 პირი დააკვა, მათ შორის არიან დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და კოტე გაბაშვილი. ასევე, დაკავებულები არიან გოჩა დარჯანია და დავით გოგოხია, რომელიც “თავისუფალი ზონის” წევრია. მოგვიანებით ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, წვრილმან ხულიგნობაზე დეპუტატის დაკავება უკანონოა და იგი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.
