ახალი ამბები

უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი იზრდება

26 დეკემბერი, 2018 • 1815
უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი იზრდება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთები თანაბრდება.

კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არცერთის წინააღმდეგ.

“საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის განაკვეთი 20 ღერზე 1.7 ლარი იქნება. აქამდე, 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე აქციზის ფასი 0,6 ლარს შეადგენდა.

კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, ილია ნაკაშიძე და დიმიტრი მხეიძე არიან. ისინი წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზნად ასახელებენ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას 45 მილიონი ლარით.

“აქციზის დაახლოებით 10%-ით მატება იწვევს 3%-მდე მოხმარების შემცირებას განვითარებულ ქვეყნებში და 5-დან 8%-მდე – განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ფასის მიმართ მოსახლეობის მგრძნობელობა უფრო მაღალია. ეს განსხვავება [ფილტრიან და უფილტრო სიგარეტების აქციზის განაკვეთებს შორის] წლების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ, იმავდროულად, მოხდა ასეთი ნოუჰაუ – სიგარეტი იყიდებოდა უფილტროდ, მაგრამ, იმავდროულად, ხდებოდა მომხმარებლისთვის ჩუქება ფილტრების, რომელიც ადვილად მონტაჟდებოდა უფილტრო სიგარეტზე. გამოდიოდა, რომ ეს არის საკანონმდებლო ხვრელი, რომ თავი აარიდო უფრო მეტი გადასახადის გადახდას ბიუჯეტში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თუმცა, დეპუტატის თქმით, კანონპროექტის შემუშავების უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა. ზოიძე ამბობს, რომ ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია.

“ვალდებული ვარ, წარმოვადგინო ის ნაწილიც, თუ რა ნეგატიური ეფექტები შეიძლება ამ ცვლილებას მოჰყვეს. უფილტრო სიგარეტების ადგილობრივ წარმოებაში 4 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ნაწილი დისტრიბუციაშია, ნაწილი – სხვა მიმართულებით, უშუალოდ თამბაქოს წარმოებაში კი – 1 000. იმ პირობებში, როდესაც დაკარგავს კონკურენტულ უპირატესობას ფასში, შესაძლოა, შემცირდეს წარმოება და ნაწილი ამ ადამიანების უმუშევარი დარჩეს, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური დანაკარგები და მეორე პინაზე 1 000 ადამიანის სამუშაოს ბედ-იღბალი”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ ამ ადამიანების გადამზადება და ეკონომიკის სხვა სექტორებში გადანაცვლება შეიძლება.

ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საქართველოს თამბაქოს ყველა პროდუქტზე ფასები გაზრდის რეკომენდაციით მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სერიოზული პრობლემაა თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, ანუ სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს, გვერდი აუაროს გადასახადს, მწეველთა ნაწილს კი თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი