აღნიშნულის შესახებ ბაჩო ახალაიამ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე განაცხადა:
“მიმდინარეობს ვაჭრობა პროკურატურასა და სასამართლოს შორის. ზუსტად ვიცი, რას ელაპარაკება სასამართლოს ღარიბაშვილი, რომ დაიჭირეთ გიგი უგულავა და გავუშვებთ ახალაიას. მოგიწოდებთ იყოთ ობიექტურები, გაუშვით ის, ვინც გასაშვებია, გათავისუფლდეს გიგი უგულავა. ჩემს შემთხვევაში იმოქმედეთ კანონით დადგენილ ვადებში,” – განაცხადა ახალაიამ.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 ივლისს მოწმეთა დაკითხვით განახლდება.
საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები არიან ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. განზრახ მკვლელობა ედება ბრალად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშჲნდელ დირექტორს დათა ახალაიას, რომლის ეპიზოდიც ცალკე საქმედაა გამოყოფილი.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სამსხურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებულია ბაჩო ახალაია, რომელმაც გამოძიების ცნობით, მას შემდეგ, რაც თავისი ძმის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგო, მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.