ახალი ამბები

საზმაუს სამეურვეო საბჭომ საკუთარი ანაზღაურების გაზრდას ერთხმად დაუჭირა მხარი

25 დეკემბერი, 2018 • 3935
საზმაუს სამეურვეო საბჭომ საკუთარი ანაზღაურების გაზრდას ერთხმად დაუჭირა მხარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ, 25 დეკემბრის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხა, წლის ბოლოსთვის დარჩენილი 27 263 ლარი, რვა მეურვეზე ერთჯერადად გადანაწილდება.

ეს ნიშნავს, რომ თითოეულს ჰონორარის სახით 3 407 ლარი გადაეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე ერთხმად დაამტკიცა მომავალი წლიდან საბჭოს წევრებისთვის ყოველთვიური ჰონორარების გაზრდის საკითხიც.

სამეურვეო საბჭოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ  2019 წელს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი ნაცვლად 5 800 ლარისა 6 500 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 4 800 ლარი. ამასთანავე, სამეურვეო საბჭოს წევრის  ჰონორარი 3 800 ლარიდან 4 200 ლარამდე გაიზრდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წერს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები საკუთარ ანაზღაურებას პერიოდულად იზრდიან. მაგალითად, 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5 000 ლარი იყო, წევრის – 3 200.

სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტი ტელევიზიის მთლიანი ბიუჯეტის 1.5%-ს შეადგენს და თუ იზრდება მაუწყებლის ბიუჯეტი, იზრდება სამეურვეო საბჭოს წილიც ამ ბიუჯეტში. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კი ქვეყნის მშპ-ს 0. 14%-ს შეადგენს და მის ზრდასთან ერთად იზრდება მაუწყებლის ბიუჯეტიც. მომავალი წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება გაეზარდება და 50 მილიონს გადააჭარბებს. სწორედ ამით ასაბუთებს სამეურვეო საბჭო თავის გადაწყვეტილებას.

საზოგადოებრივი მაუწყბელის ინფორმაციით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ბორდმა ტელევიზიის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი