ახალი ამბებიეკონომიკაკომენტარი

ენძელა მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალი 2.5-ჯერ გამეზარდა [ვიდეო]

25 დეკემბერი, 2018 • 4767
ენძელა მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალი 2.5-ჯერ გამეზარდა [ვიდეო]

დღეს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გააკრიტიკა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ვალი 2.5-ჯერ გაეზარდა, რადგან დოლარში ჰქონდა აღებული. როგორც დეპუტატი ამბობს, ამის გამო ახლა უფრო ღარიბულად ცხოვრობს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა.

მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისას მმართველი პარტია ასევე საუბრობდა 100 ქარხნის აშენებაზე, თუმცა, რეალურად, მისივე განმარტებით, “4-5 ქარხანა არ აუშენებიათ ისეთი, რომელიც ექპორტს ქმნის, მაგალითად, როგორც ფეროშენადნობთა ქარხანა.”

მმართველი პარტიის დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრმა პარლამენტში ვერ წარადგინა გეგმა, რომლითაც სიღარიბის დაძლევა და სოფლის განვითარება შეიძლება.

“თქვენი განცხადებები, რომელმაც ეთერში გაიჟღერა და აღშფოთება გამოიწვია ხალხში, თითქოს ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და რაღაცები უმჯობესდება და ეს ჩვენ ცხოვრებაზე ვერ აისახება, შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში,” – მიმართა ეკონომიკის მინისტრს ენძელა მაჭავარიანმა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მას იმედი მიეცა, როდესაც ეკონომიკის მინისტრმა ახსენა ინდუსტრიალიზაციის განვითარება ქვეყანაში. პარლამენტარის თქმით, თუ არ ექნება საქართველოს ინდუსტრია, რამდენი ტურისტიც არ უნდა შემოვიდეს, ეს ვერ შექმნის კომფორტს და ვერ გაზრდს ეკონომიკას:

ხელისუფლებაში მოსვლისას ჩვენ ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, როგორიც ფეროშენადნობია. ეს ქარხანა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, რადგან გარემოს ძალიან აბინძურებს, არის ერთ-ერთი საარსებო საშუალება. ასევე არის ის ელექტროსადგურები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ და ხალხი არ ემხრობა.”

ენძელა მაჭავარიანის თქმით, ეკონომიკის მინისტრის გეგმაში წერია, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა, რაც ყველამ იცის, თუმცა დეპუტატმა ვერ დაინახა, როგორ აპირებს მმართველი პოლიტიკური გუნდი ეკონომიკის მინისტრის მეთაურობით ამას.

ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც დასაქმება არ უნდათ. რაღაცით ხომ უნდა იყოს ეს სამსახურები საინტერესო? მე თუ მაქვს ვალი დოლარში, ჩემი ვალი ამ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი, და ასეთი საკითხები როგორ იქნება მოგვარებული? ასევე, სოციალურ მიმართულებებზე ვხარჯავთ ძალიან დიდ თანხებს, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს,” – ამბობს ენძელა მაჭავარიანი.

დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ თუ ჰესების აშენებით აპირებს სახელმწიფო ეკონომიკის გაზრდას, ეს აუცილებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსენსუსის შედეგად უნდა მოხდეს, რადგან მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი