ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა საბანკო სესხებზე ახალი შეზღუდვები დაამტკიცა

25 დეკემბერი, 2018 • 5651
ეროვნულმა ბანკმა საბანკო სესხებზე ახალი შეზღუდვები დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შემზღუდავი დებულება დაამტკიცა. სებ-ის თანახმად, ახალი დებულების მიზანია, ფინანსურმა ინსტიტუტმა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე მომხმარებელს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) არ დააკისროს. დებულებით, რომელიც მთელ საფინანსო სექტორზე ვრცელდება, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით. ახალი საბანკო რეგულაცია 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

ეროვნული ბანკის თანახმად, ჰეჯირებული სესხის შემთხვევაში 1000 ლარამდე და 1000-2000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში ყოველთვიური საგადასახადო ტვირთი 20-25%-ს არ უნდა აღემატებიდეს. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ თუ კრედიტი ექვს თვეზე იქნება განაწილებული, მაშინ 1000 ლარის შემთხვევაში ყოველთვიური სასეხო გადასახადი 25% შეიძლება იყოს. ანუ თვეში 250 ლარი. მაგრამ თუ  1000 ლარამდე და 1000-2000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში მომხმარებელი კრედიტს 4 წელზე გაანაწილებს, მაშინ ყოველთვიური საპროცენტო გადასახადი 20% უნდა იყოს. რაც 1000 ლარის შემოსავლის პირობებში 200 ლარია.

ჰეჯირებულად ითვლება სესხი, როდესაც მომხმარებელი იმ ვალუტაში იღებს კრედიტს, რომელ ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. შესაბამისად, ჰეჯირებული სესხებზე სავალუტო რისკები არ ზემოქმედებს.

წყარო: ეროვნული ბანკი

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბანკო რეგულაცია, რომელიც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს განსაზღვრავს, სესხების აღებას შეამცირებს.

“ჩვენი გათვლებით იმ ადამიანების 40-50%, ვინც დღეს სესხს იღებს, პირველი ნოემბრიდან სესხებს ვეღარ აიღებენ. მათთვის კი, ვინც სესხის აღებას მოახერხებს, ეს პროცედურა დროში გაიწელება. როგორც არ უნდა მოერგოს საბანკო სექტორი ამ რეგულაციებს, გარკვეული ადამიანები სესხის აღებას მაინც ვეღარ შეძლებენ”, – აცხადებდა ალექსანდრე ძნელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი