ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის ეთერში განაცხადა:
“ჩემი მითითებით, ახალი საპრივატიზაციო ლოტების გამოტანა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილში შევაჩერე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ახალ მექანიზმებს, რათა საუკეთესო ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, შევქმნათ ის კონტროლის მექანიზმები, რომელიც არ დაგვაყენებს სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე. მორატორიუმი სწორედაც გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან სერიოზული, სოციალური პრობლემის წინაშე ვიდექით და შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო არაპროგნოზირებადი სცენარით”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია:
“ეს მოქმედებს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ჩვენ არანაირად, არავინ არ გვავალდებულებს ვიყოთ ულტრალიბერალურები ამ მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული თავისებურებები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არ ვართ უხვმიწიანი ქვეყანა, ვცხოვრობთ რთულ რეგიონში და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გარკვეული რეგულაციები სასოფლო-სამეუნრეო მიწების პრივატიზების კუთხით უნდა არსებობდეს”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, რომელიც დღეს მკურნალობის მიზნით გერმანიაში გაემგზავრა, სახელმწიფო მოხელეებსა და საბანკო სექტორს მიწის უცხოელებზე გასხვისების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო.

