ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება, ოპოზიცია “გადატრიალებაზე” საუბრობს

29 ივნისი, 2014 • • 1823
სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება, ოპოზიცია “გადატრიალებაზე” საუბრობს

სომხეთში კარგად ახსოვთ 1990-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ენერგოკრიზისი მძვინვარებდა. სპიტაკის მიწისძვრის შედეგად 1988 წელს სომხეთის ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. გაჩერდა ფაბრიკები და ქარხნები, ადამიანები დღე-ღამის განმავლობაში ვერ იღებდნენ ელექტროენერგიას, საავადმყოფოებში ოპერაციებს ბენზინის გენერატორებიდან მიწოდებულ შუქზე აკეთებდნენ, პურის ქარხნები ვერ ასწრებდნენ საჭირო რაოდენობის პურის გამოცხობას.

თითქმის 6 წელი დაჭირდა ატომური რეაქტორის ხელახლა ამუშავებას. ამჟამად სომხეთის ატომური ელექტროსადგური, რომელიც, სხვათა შორის, ერთადერთია რეგიონში, გამოიმუშავებს რესპუბლიკის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის 40-50 პროცენტს.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, პირველ რიგში კი, ევროკავშირი, მუდმივად მოუწოდებს სომხეთს, შეაჩეროს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა, რომელსაც ექსპერტების შეფასებით, 2016 წლამდე შეუძლია ფუნქციონირება, სომხეთის მთავრობამ მისი ექსპლოატაციის ვადა 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ატომური ელექტროსადგური
ატომური ელექტროსადგური

 

როგორც ოფიციალური ერევანი აცხადებს, სადგურის რეაქტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაახშონ, თუკი ახალი ენერგობლოკი აშენდება, არანაკლებ 1000 მგვ სიმძლავრის.

ამდენად, პატარა სომხეთს რეგიონში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური აქვს, რამდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ასობით მცირე ჰესი, ელექტროგადამცემი ხაზების მძლავრი სისტემა, რომელიც აკავშირებს ირანთან და საქართველოსთან. სომხეთი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ირანისთვის და ამ მიზნით გადაამუშავებს ირანიდან მიღებულ გაზს. რაღაც პერიოდის განმავლობაში სომხეთი საქართველოზეც ყიდდა ელექტროენერგიას და ახლა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მას ელექტროენერგიის მიწოდება მეზობელი ქვეყნისთვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ თურქეთსაც შეუძლია მიიღოს საჭიროების შემთხვევაში სომხეთიდან ელექტროენერგია.

როგორც ჩანს, სომხეთის ენერგოკრიზისი 1990-იანი წლების ისტორიად დარჩა. ამ უმსხვილესი მეურნეობის შესანახად კი აქ დიდი ინვესტიციები შემოვიდა. თუკი პატარა ჰესების მშენებლობა თავად მდიდარმა სომხებმა დაიწყეს, ჰესების კასკადში, ატომურ ელექტროსადგურსა და ერევნის თბოელექტროსადგურში, მათი მოდერნიზების და უსაფრთხოების მიზნით, სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა. ინვესტიციების დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა და, ცხადია, გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთმა დაიწყო კარნახი, თუ რამდენი ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა მოხდეს, ვის, რამდენი და რა ტარიფით უნდა მიყიდონ. სომხეთის მთავრობამ, გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად, თავად მოაწყო ყველაფერი ისე, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებიდან დისტრიბუციამდე, ასევე, ფინანსური ნაკადების მართვა, სწორედ რუსული კომპანიების ხელშია.

რთული სათქმელია, თუ რატომ ყიდულობს სომხეთი საზღვარზე რუსეთის გაზს 189 აშშ დოლარად (1000 კუბურ მეტრს) და შემდეგ მომხმარებლებზე ყიდის 380-ად?! მაგრამ, როგორც ჩანს, ხალხი გასულ წელს ბუნებრივი აირის მომატებულ ტარიფს შეეგუა (1 კუბურ მეტრზე 132 დრამის (32 ცენტი) ნაცვლად იხდიან 156 დრამს (38 ცენტი). იმასაც შეეგუვნენ, რომ გაზის გაძვირების პარალელურად, გაიზარდა ელექტროენერგიის ფასიც (1 კვტ/სთ-ში 30 დრამის (7.3 ცენტი) ნაცვლად იხდიან 38 დრამს (9.2 ცენტს).

ამჯერად რუსულმა კომპანია “სომხეთის ელექტროქსელმა” მიმართა საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიას – კვლავ გაზარდოს ელექტროენერგიის ფასი. კომისია კი ახლა მოსახლეობას უხსნის, რამდენად აუცილებელი და გარდაუვალია ტარიფის გაზრდა.

1 აგვისტოდან ჩვეულებრივი აბონენტებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) ელექტროენერგია 10%-ით გაძვირდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15%-ით. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ერთ წელიწადში (შარშანდელი გაძვირების გათვალისწინებით) “შუქის ფასი” 40%-ით გაიზარდა.

რობერტ ნაზარიანი
რობერტ ნაზარიანი

 

საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიის თავმჯდომარე რობერტ ნაზარიანი ამბობს, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა 43 მილიონ დოლარზე მეტი თანხის დეფიციტს განიცდის. მისი თქმით, ეს უკავშირდება ატომური ელექტროსადგურის გეგმიურ რემონტს, რომელმაც დაგეგმილზე 90 დღით მეტ ხანს გასტანა და, შესაბამისად, 300 მილიონი კვტ/სთ-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავა, რომლის შევსებაც უფრო ძვირადღირებული ენერგიით მოხდა რაზდანის თბოელექტროსადგურიდან. მეორე მიზეზად ნაზარიანი მდინარეებში წყლის დაბალ დონეს და ჰესების დაბალ გამომუშავებას ასახელებს, მათ შორის სევან-რაზდანის და ვოროტანის კასკადებში. მათი წარმოების დანაკლისის შევსებაც, როგორც გაირკვა, ასევე, უფრო ძვირადღირებული ენერგიით მოხდა თბოლოექტროსადგურებიდან.

ტარიფის გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად კომისია, ასევე, ასახელებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთვის ერევნის თბოელექტროსადგურისთვის და ამავე სადგურის ერთ-ერთი ტურბინის რემონტისთვის გამოყოფილი კრედიტის გადახდის აუცილებლობას. რატომ უნდა გადაიხადონ და დაზარალდნენ თეს-ის რემონტისთვის დახარჯული კრედიტის გამო რიგითი მომხმარებლები, ამას არავინ განმარტავს.

სამაგიეროდ ნათელია, რომ ახალი ტარიფები გამოიწვევს მორიგ ინფლაციას. ყველაფერი გაძვირდება, რაც სომხეთში იწარმოება, ფასი აიწევს ტრანსპორტზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მცხოვრებლებს არ ელით საუკეთესო პერიოდი, რაზეც ისინი ოცნებობდნენ მაშინ, როცა მათ სახლებში საუკეთესო შემთხვევაში დღეში 2-3 საათით ინთებოდა შუქი.

ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ერევნის ქუჩებში უკვე გაიმართა რამდენიმე ხმაურიანი საპროტესტო აქცია. ხალხი საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიის შენობასთანაც მივიდა, თუმცა, როგორც ჩანს, არავინ აპირებს დემონსტრანტებს განუმარტონ, რატომ მოხდა ასე – გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

საპროტესტო აქცია სომხეთში
საპროტესტო აქცია სომხეთში

 

ამ ფონზე სომხეთის ოპოზიცია, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერს ყველა მასობრივ საპროტესტო აქციას, საკითხს ასე სვამს: როგორ მოახერხა სომხეთმა, რომ მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავება და განაწილება პრაქტიკულად ერთ – რუსეთის ხელში მოაქცია? მთავრობის პასუხი ასეთია: წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი ვერ შეძლებდა გამომუშავების სიმძლავრის მოდერნიზებას და აღდგენას, ასევე, თავისი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

ახლა ენერგოუსაფრთხოება მიღწეულია. სომხეთში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაა, ჭარბიც კი. ამავდროულად ტარიფებს, ცხადია, სათავისოდ, ის უკარნახებს ქვეყანას, რომელმაც ჩადო ფული ამ მომგებიან ბიზნესში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩივილი და პროტესტი, გამოდის, რომ აზრს კარგავს. ამის მიუხედავად, ოპოზიცია შემოდგომაზე “გადატრიალების” პირობას დებს, რამდენადაც “ხალხის მოთმინების ფიალა აივსო”. შეიძლება მაშინ რამე შეიცვალოს. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც სომხეთში რაღაც ძვირდება, უკან დახევა არ ხდება. ხალხი კი ყველა შემთხვევაში ურიგდება სიტუაციას, რადგან აცნობიერებს, რომ ყოველთვის შეიძლება უარესი მოხდეს.



სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი