“დიდი რაოდენობით იყო შემოსული ნარკოტიკები” – საქართველოს ელჩი ირანის მოქალაქეთა სასაზღვრო პრობლემებზე

საქართველოს ელჩი ირანში  არ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტატისტიკა ირანის იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. თუმცა, იოსებ ჩახვაშვილის თქმით, არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად აღმოიფხვრება.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფარგლებში მე ორჯერ ვიყავი თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით და იმ მცირე გაუგებრობებთან, რომელიც იყო ჩვენს საზღვარზე. მარტო ნოემბერში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოში და მათგან მხოლოდ 425 არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. ეს პროცენტულადაც, მგონი, შედარებით დაბალი რიცხვია. ასევე, ირანის ელჩს ჰქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან. მხარეებმა სრული მზადყოფნა  გამოხატეს მომავალში თანამშორმლობისათვის და გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრისათვის. საზღვარზე წარმოშობილი ყველა კონკრეტული შემთხვევა განიხილება ორმხრივ ფორმატში, ყოველი კონკრეტული შემთხვევა იქნება გამოკველული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება”, – განაცხადა ჩახვაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრები, მათ შორის, ირანის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და “ის ყველა საკითხი, რომელიც წარმოიშვება მხარეთა შორის, გადაიჭრება ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე”.

იოსებ ჩახვაშვილი განმარტავს, რომ საქართველოსა და ირანს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელიც ქვეყანაში 45 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას ითვალისწინებს, თავისუფალი მიმოსვლისთვის და ტურიზმის წასახალისებლად გაკეთდა. ნანობაშვილი ამბობს, რომ ეს მიზნები მიღწეულია, მაგრამ “გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს, როცა 45-დღიან ვადას სხვა მიზნებისთვის იყენებენ”.

“ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ განსაკუთრებით  ბოლო დროს მოხდა დიდი რაოდენობით ირანელთა არშეშვება საქართველოში, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს – ეს რიცხვი არ არის ძალიან მომატებული. ეს განმარტება მიეცა ირანულ მხარეს. მაგრამ არის პრობლემები, მათ შორის, ირანელთა მხრიდან არის პრობლემები – მოგეხსენებათ, ძალიან დიდი რაოდენობით იყო შემოსული ნარკოტიკები საქართველოში. ირანის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი თანამშრომლობა სასაზღვრო უწყებებს შორის დადებითად წაადგება ამ პრობლემის გადაჭრას. ირანის მხარე ყოველთვის ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას: საქართველოს და მის მესაზღვრეებს აქვთ სრული სუვერენული უფლება, რომ მოიქცნენ კანონის სრული დაცვით. საქართველოს სუვერენული უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, მაგრამ  მათი თხოვნა იყო, რომ უფრო მეტად ლმობიერება გამოვიჩინოთ ირანელი ტურისტების და კონკრეტულად, ირანელი ქალბატონების მიმართ”, – განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა.

კითხვაზე, მარტო ნარკოტიკების გამო გამკაცრდა გარკვეულწილად ირანის მოქალაქეების შემოშვებასთან დაკავშირებული პოლიტიკა თუ სხვა მიზეზებიც იყო, ელჩი პასუხობს: “სხვა არავითარი მიზეზები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. ორ ქვეყანას შორის არსებული ხელშეკრულება ვიზების გაუქმებას ითვალისწინებს და ირანელებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა დაახლოებით 350 000 ადამიანი შემოდის ყოველწლიურად და არავითარი სხვა ცვლილება ამასთან დაკავშირებით არც იგულისხნება”.

შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში არასავალდებულო მოგზაურობისგან, ვინაიდან ირანის სულ უფრო მეტ მოქალაქეს უარს ეუბნებიან საქართველოში შესვლაზე ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ირანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად ეუბნებიან უარს საქართველოს საზღვრის კვეთაზე. მხოლოდ ნოემბერში საქართველოში ირანის 434 მოქალაქე არ შემოუშვეს.

ამავე თემაზე:

ირანის მოქალაქეებს საზღვარზე შეთანხმებით გაუთვალისწინებელ მოთხოვნებს უყენებენ – ელჩი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.