ახალი ამბები

ირანის მოქალაქეებს საზღვარზე შეთანხმებით გაუთვალისწინებელ მოთხოვნებს უყენებენ – ელჩი

17 დეკემბერი, 2018 • 2740
ირანის მოქალაქეებს საზღვარზე შეთანხმებით გაუთვალისწინებელ მოთხოვნებს უყენებენ – ელჩი

საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის განცხადებით, ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისთვის ორგანიზებული ხასიათის მიცემა, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს.

ირანის ელჩმა პრესკონფერენცია დღეს, 17 დეკემბერს, თბილისში, ირანის საელჩოში გამართა. ღონისძიების გაშუქების საშუალება არ მიეცა რადიო თავისუფლებას. მედიასაშუალების ჟურნალისტს საელჩო პრესკონფერენციის დაწყებამდე დაატოვებინეს.

როგორც ელჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირანსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კარგ ურთიერთობებს მოფრხილება სჭირდება. სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის თქმით, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა, გადაწყდეს ყველა მხარის ინტერესების შესაბამისად და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენა არ იქონიოს.

“ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა ცოტა გართულდა. მიგვაჩნია, რომ საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ თუკი არსებობს პრობლემა ირანის მოქალაქეების მხრიდან, მათ უნდა დაიცვან შემოსვლის წესები, მაგრამ თუ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზი, ვფიქრობთ, მყისიერად უნდა მოხდეს ახალი რეგულაციების შემოღება, დახვეწა, შესწორება, რომ ირანის მოქალაქეები არ იყვნენ უკმაყოფილონი”, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ირანსა და საქართველოს შორის 2010 წელს მოეწერა ხელი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ირანისა და საქართველოს მოქალაქეებს 45 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება ეძლევათ. ელჩის განმარტებით, ამ შეთანხმებაში არანაირი შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული ხელმეორედ შესვლაზე. ელჩი ამბობს, რომ ქართველი მესაზღვრეები ირანის მოქალაქეებს ხშირად ამ შეთანხმებისგან განსხვავებულ პირობებს უყნებენ, მათ შორის, უკან დასაბრუნებელ ბილეთის მოთხოვნის ჩათვლით; ამასთან, ავიაკომპანიებს აფრთხილებენ, ჰქონდეთ რამდენიმე ცარიელი ადგილი უკან დასაბრუნებელ რეისზე, რათა წაიყვანონ ის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში არ უშვებენ; მათ კი, ვინც ქვეყანაში ინვესტირებას გადაწყვეტს, ეუბნებიან, რომ ტურისტული მიზნებით არიან ჩამოსული და სხვა საქმიანობას არ უნდა ეწეოდნენ. ამ დროს, ასეთი შეზღუდვა, ელჩის თქმით, ორმხივ შეთანხმებაში არ არის.

ირანული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება გადაიხედოს.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და მათ გვითხრეს, რომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის აღდგენას არ აპირებენ. ეს განზრახვა არც ირანულ მხარეს აქვს. თუმცა 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და დღის წესრიგში დგას მისი გადახედვა. ჩვენ თანახმა ვართ, შევასწოროთ ამჟამინდელი რეგულაცია და განსხვავებული რეგულაციები იყოს ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის თუ სტუდენტებისთვის”, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა კატეგორიის მოქალაქეებს ეუბნებიან ყველაზე ხშირად საქართველოში შემოსვლაზე უარს – მათ, ვინც წლის განმავლობაში 45 დღე უკვე დაჰყვეს საქართველოში და ხელმეორედ გადაკვეთეს საზღვარს, თუ მათაც, ვინც ქვეყანაში პირველად შემოდის. თუმცა, ელჩის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აქ დასაქმებულ ირანელებს, სტუდენტებს და მათაც, ვინც საქართველოს პირველად სტუმრობდნენ.

ამასთან, ელჩი ამბობს, რომ ძალიან ცოტა ირანელი შეიძლება არსებობდეს, ვინც საქართველოში სამუდამოდ ცხოვრებას გადაწყვეტს და ისინი ძირითადად ინვესტიციებს ახორციელებენ ან განათლების მისაღებად ჩამოდიან.

“ეჭვი მეპარება, ირანელმა საქართველოში სამუდამოდ ცხოვრება გადაწყვიტოს“,  – აღნიშნა ირანის ელჩმა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი