ისრაელში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა, თუ ასეთი კონსულტაციები გაიმართება, ორივე მხარე “საკუთარი ინტერესებიდან ამოვა”.
“რა თქმა უნდა, ისრაელის მხარეს სურვილი აქვს, რომ ყველა უცხო ქვეყნის საელჩოები იხილოს იერუსალიმში – ეს გასაგებია. საქართველოს პოზიციას რაც შეეხება, თუ შედგება კონსულტაციები ორ მხარეს შორის, ამის შემდეგ გამოირკვევა, ვის როგორი პოზიცია გვაქვს და რა პოზიციას დავიკავებთ. ერთი შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი კონსულტაციების შემთხვევაში როგორც ისრაელის მხარე, ისე ქართული მხარე ამოვალთ ჩვენი უმთავრესი პრინციპებიდან, რაც არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ინტერესები”, – განაცხადა კალანდაძემ.
კითხვაზე, შედის თუ არა იერუსალიმში საელჩოს გადატანა ქართული მხარის ეროვნულ ინტერესებში, კალანდაძე პასუხობს, რომ “ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის სტაბილურობა და მდგრადობა”.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ჰოტოველმა განაცხადა, რომ ისრაელს სურს, საქართველომ საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს. როგორც 1TV.GE წერს, ეს განცხადება ჰოტოველიმ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ, 16 დეკემბერს გააკეთა.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის უკვე წლებია, დაპირისპირების საგანია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, 2017 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ასრულდა და შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გულისხმობს. ამის შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მიიღო გვატემალამ, პარაგვაიმ და ავსტრალიამ.