ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის მხარდაჭერით “ხანის აკადემიის” პროგრამირების გაკვეთილები ქართულად ითარგმნება

18 დეკემბერი, 2018 • 2269
ბილაინის მხარდაჭერით “ხანის აკადემიის” პროგრამირების გაკვეთილები ქართულად ითარგმნება

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia-ს პროექტის, “ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსის ქართულად თარგმნის მხარდამჭერი გახდა. ამ საკითხზე დღეს, 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე “ვიონის” გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინუსკიმ ისაუბრა.

პროექტის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის,  კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები და უფასოდ ხელმისაწდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს. სადღეისოდ, მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა, ფაქტობრივად, ისეთივე მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის განათლებისთვის, როგორც წერა-კითხვის უნარი, საქართველოში კი პროგრამირების შესწავლისთვის ქართულენოვანი რესურსი არ არსებობს.

“ხანია აკადემია” საერთაშორისოს ცნობილი უფასო სასწავლო პლატფორმაა. ჩვენთვის სასიხარულოა ამ პროგრამაში მონაწილეობა, რადგან სასწავლო მასალების თარგმნა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს განათლება მიიღონ პროგრამირების სფეროში და იფიქრონ კარიერის დაწყებაზე ამ მიმართულებით,” – ამბობს ანჯეი მალინუსკი.

Educare Georgia-მ უკვე თარგმნა ხანის აკადემიის მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კურსი და ახლა პროგრამისრების კურსის თარგმნას იწყებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიორგი კვანტრიშვილის განცხადებით, კურსის თარგმნა 2019 წლის ივლისში დასრულდება:

“ხანის აკადემიის სასწავლო მასალებში ყველაფერი ძალიან კარგად არის ახსნილი და მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწავლო რესურსები ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ეს პროგრამები მასწავლებელსა და მოსწავლეს ძალიან ეხმარება და გაცილებით უფრო პროდუქტიულს ხდის სასწავლო პროცესს.”

Educare Georgia-ს მიზანია ინტერნეტისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ფონდი მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ქართულ ენაზე ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და თარგმნა; საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია;  თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ დროისათვის Educare Georgia-ს ნათარგმნი აქვს 1-დან მე-12 კლასის მათემატიკის მასალა, რაც მოიცავს 2,600 ვიდეოგაკვეთილსა და 70,000-მდე პრაქტიკულ სავარჯიშოს. მათემატიკის გაკვეთილების ქართულ ვერსიას უკვე 50,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს  მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ვიონი საქართველოს” მიზანია, გაუმარტივოს მომხმარებელს ორიენტაცია ციფრულ სამყაროში და შესთავაზოს ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც რეალურად დაეხმარებათ ადამიანებს მარტივად გადაჭრან ყოველდღიური საჭიროებები. კომპანიის პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტზე. შესაბამისად, ციფრული მიმართულებით განათლების ხელშეწყობა, კომპანიის სტრატეგიას პირდაპირ ეხმაურება.

„ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლათფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებაში და სხვა საგნებში.

„ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლათფორმის სანახავად ეწვიეთ: https://ka.khanacademy.org/; ასევე YouTube-ის არხს: https://bit.ly/2pmdg4K (Khan Academy Georgian).

მასალების გადაბეჭდვის წესი