ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ მივიდა

18 დეკემბერი, 2018 • 2259
საქართველოს პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ მივიდა

დაანონსების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა.

გუშინ, 17 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია “ელჩების კონფერენცია 2018”-ის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. თუმცა, როგორც დღევანდელ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ამბასადორიალს არ ესწრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, რაც გასათვალისწინებელია.

“გასათვალისწინებელია, რომ ინაუგურაცია, ფაქტობრივად, ამბასადორიალს დაემთხვა. ქალბატონ პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს. აქტიურად მუშაობს თავისი აპარატის ფორმირებაზე. ამას ვითვალისწინებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება მომავალში ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის და მათთან პრიორიტეტული მიმართულებების განხილვის”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე, მაშინ რატომ დაანონსდა გუშინ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, მინისტრი პასუხობს: “რა თქმა უნდა, გუშინ კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბიშვილი ამბასადორიალის გახსნას არ დაესწრო, მაგრამ ინფორმაციას არ ფლობენ იმის შესახებ, მივა თუ არა კონფერენციაზე მოგვიანებით ან სხვა დღეებში,

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრეზიდენტის პრესსამსახურს, რომელმაც გვთხოვა, კითხვა წერილობით მივაწოდოთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პასუხს “ნეტგაზეთი” მისი მიღებითანავე შემოგთავაზებთ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ – „ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობენ მოლდოვის ვიცეპრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრიზისული სიტუაციების მართვის და სხვა მიმართულებით.

„ელჩების კონფერენციის“ მონაწილეები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

„ელჩების კონფერენცია 2018“ 21 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი