ახალი ამბები

სამართლებრივად უფრო სწორია, კახეთში მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს – სალაძე

17 დეკემბერი, 2018 • 1352
სამართლებრივად უფრო სწორია, კახეთში მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს – სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის გურჯაანი-თელავის გზაზე 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირება პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

საიას ხელმძღვანელის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში განვითარებულ პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ, შესაბამისად, სამართლებრივად უფრო სწორი იქნება, თუ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

სულხან სალაძემ ნეტგაზეტს უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური  ინფორმაცია უნდა გაევრცელებინა ინაუგურაციის გამო გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ. საიას ხელმძღვანელის შეფასებით, შსს-ს მხრიდან უკეთესი კომუნიკაციების პირობებში, დაპირისპირების აცილება შესაძლებელი იყო. მისი თქმითვე, უნდა დადგინდეს, რამდენად პროპორციული იყო მოქალაქეებისთვის გზებზე დაწესებული შეზღუდვა.

“თავისთავად, ინაუგურაცია მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის ასევე არის იმ ტიპის ღონისძიება, რომელსაც გარკვეული წესები შეიძლება ახლდეს თან, მათ შორის, გადაადგილების ნაწილში. ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. 16 დეკემბერს, დილით შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას, რა მარშრუტები იყო შეთავაზებული ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის. ინაუგურაციის გამო არსებულ შეზღუდვებს კანონმდებლობა არ გამორიცხავს, მაგრამ ეს შეზღუდვა იყო თუ არა პროპორციული, ამ საკითხზე ახლა საუბარი ძალიან რთულია. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, გამოძიება აუცილებელია. სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი,” – უთხრა ნეტგაზეთს სალაძემ.


გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა.

მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი