ახალი ამბები

რ2-ის კადრებზე ცესკო და შსს ჯერ კომენტარს არ აკეთებენ

16 დეკემბერი, 2018 • 2217
რ2-ის კადრებზე ცესკო და შსს ჯერ კომენტარს არ აკეთებენ

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც არხის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები ჩანს, არც ცესკო და არც საგამოძიებო უწყებები, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებიან.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია დაიწყო თუ არა გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე, თუმცა უწყებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

“რუსთავი2”-მა კადრები გუშინ, 15 დეკემბერს გაავრცელა. ვიდეოები, სავარაუდოდ, უბნებზე ოპოზიციის ან მათთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერების გადაღებულია. რ2-მდე ზემოხსენებული კადრებს გავრცელებას ნიკა მელია აანონსებდა.

რ2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ათავსებენ სავარაუდოდ საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებიან კონვერტებს საარჩევნო ყუთებში, რასაც თან სდევს შესაბამისი დიალოგები. ტელეარხის ცნობით, ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ე.წ. ბიულეტენების ჩაყრას.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო დმანისის 44-ე საარჩევნო უაბნზეა გადაღებული, სადაც ტელეარხის ცნობით, ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს სავარაუდოდ კომისიის წევრი ამომრჩევლის ნაცვლად, კონვერტებში ათავსებს ბიულეტენებს და ბეჭედს არტყამს, შემდეგ კი კომისიის სხვა წევრი საარჩევნო ყუთში ყრის მათ. შემდგომ, ყუთში კონვერტებს კომისიის სხვა წევრებიც ყრიან. ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რას აკეთებენ, ისინი პასუხობენ, რომ ხმას აძლევენ.

კიდევ ერთი ვიდეო ისევ დმანისში, 24-ე უბანზეა გადაღებული. კადრში ჩანს რომ ქალი, რომელიც რ2-ის ცნობით, კომისიის წევრია, კონვერტს საარჩევნო ყუთში რამდენჯერმე ათავსებს, გარკვეულ მომენტში კი კომისიის სხვა წევრი უბანზე განთავსებულ კამერას ეფარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი