ახალი ამბები

მე მივცემ ეროვნული თანხმობის მაგალითს – სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2018 •
მე მივცემ ეროვნული თანხმობის მაგალითს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ადგილის დამკვიდრება.

სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში  მიმართა აფხაზებს და ოსებს, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს და პირველი ემიგრაციის შთამომავლებს.

“ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მე-11 არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკდიებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო დღესაც  გზაჯვარედინზე და დიდი გამოწვევის წინაშეა.

“აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენი გავლილი გზა – ბრძოლებით, გამოწვევებით თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ, თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახავამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელწმიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

“მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამიტომაც გადაწყვიტა ინაუგურაცია გაემართა თელავში – სადაც მხარდაჭერა დააკლდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი