ახალი ამბები

რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა კალაძის ნათქვამი დაამახინჯეს — ქარტიის საბჭო

15 დეკემბერი, 2018 • 2299
რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა კალაძის ნათქვამი დაამახინჯეს — ქარტიის საბჭო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ორმა ჟურნალისტმა სიზუსტის პრინციპი დაარღვია და თბილისის მერის ნათქვამი განზრახ დაამახინჯა.

ჟურნალისტების, თამარ ბაღაშვილისა და დიანა ჯოჯუას, წინააღმდეგ ქარტიას მოქალაქე დავით მახარაშვილმა მიმართა. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს რუსთავი2-ის გადაცემა “კურიერში” თბილისის მერის, კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცლეს.

მომჩივანს მიაჩნდა, რომ ჟურნალისტებდა ისე წარმოაჩინეს კონტექსტი, თითქოს კალაძე ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების მიტოვებაში ადანაშაულებდა.

ქარტიის ინფორმაციით, განმცხადებელი ამბობდა, რომ მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს და მან ამის დასტურად პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი წარმოადგინა.

ქარტიის პრესრელიზის თანახმად, ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა ეთიკის ქარტიის ორი პრინციპის დარღვევა – როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს, მეთერთმეტე კი უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს ფაქტის განზრახ დამახინჯებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი