გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სურთ, თელავისკენ თბილისიდან გაემართებიან.
როგორც დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის განკუთვნილ სარეგისტრაციო ფორმაშია ნათქვამი, შეკრება 16 დეკემბერს, 09:00-ზე, აეროპორტის გზაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარედ დაიწყება. ფორმის მიხედვით, აქტივისტები ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ და ერთად გაემართებიან თელავში.
“ძალიან ბევრ ადამიანს სურს შემოგვიერთდეს კვირას დაგეგმილ აქციაზე, ამიტომ, ღონისძიება რომ ორგანიზებული იყოს, ვიკრიბებით და თელავისკენ მივემართებით ერთად”, – აცხადებს ოპოზიცია.
გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 12 დეკემბერს აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავის გარდა, აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს. ვაშაძე აღნიშნულ პროცესს სპეცოპერაციას უწოდებს, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება იყო.
აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე