საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები უახლოეს ხანში წყლის საფასურს, სავარაუდოდ, განსხვავებული ტარიფით გადაიხდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ თვეში იმსჯელებს. მანამდე კი პირები, რომლებიც თავიანთ საცხოვრებლის ნაწილს აქირავებენ, წყლის საფასურს ე.წ. კომერციული ტარიფით დაფარავენ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ წყლის საფასურის ცვლილება არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბინას მთლიანად დღიურად/თვიურად ან წლიურად აქირავებენ. საუბარია მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებზე, სადაც მფლობელი თვითონაც ცხოვრობს და ფართის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქირავებს.
“ტარიფის ცვლილება შეეხებათ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, როცა მესაკუთრეც ამ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს. პირობითად, ადამიანი ცხოვრობს ერთ ოთახში და რამდენიმეს აქირავებს. ამ სასტუმროების მეპატრონეები უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ და ამბობდნენ, რატომ უნდა გადაეხადათ არასაყოფაცხოვრებო [ე.წ. კომერციული] ტარიფი, როცა იმავე სახლში ცხოვრობენ. GWP-ის პოზიცია იყო ასეთი, რომ მომხდარიყო წყლის საფასურის სტუმრების რაოდენობის მიხედვით გადახდა, რადგან მსგავსი სასტუმროების მიერ წყლის მოხმარება საკმაოდ დიდია. სემეკი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონმდებლობაში საჭიროა ცვლილებები, რადგან მოქმედი რეგულაციები ვერ პასუხობს მსგავს გამოწვევებს. ტურიზმის ასეთმა განვითარებამ კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახადა საჭირო”, – უთხრა ნეტგაზეთს ფანგანმა.
როგორც ფანგანი ამბობს, ახალი ტარიფით, როცა საოჯახო სასტუმროს სტუმრები არ ეყოლება, ე.წ კომერციულ საფასურს არ გადაიხდის:
“ ეს იქნება სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა ზოგადად ბიზნესის მიმართ, რადგან საოჯახო ტიპის სასტუმრო ბიზნესის გარკვეულ ელემენტებს შეიცავს”.
თუმცა ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, ზუსტად რა პრინციპით იხელმძღვანელებს სემეკი ახალი ფასის განსაზღვრისას.
“წყლის საფასურის დარიცხვისას შესაძლოა ჰიბრიდული მოდელი იყოს გამოყენებული, ანუ ტარიფი სხვადასხვა მოხმარებაზე განსხვავებული იქნება. ეს არის ერთი ვარიანტი. კიდევ სასტუმროების შემოთავაზებაა, რომ მოხდეს ფართის მიხედვით დარიცხვა. ჩვენ ძალიან მალე გავაჟღერებთ, ზუსტად როგორი მიდგომა იქნება. ერთი რამ ნათელია, რომ არ იქნება ის მიდგომა, რასაც GWP ითხოვს. ანუ კომერციული დარიცხვა არ მოხდება. ჩვენი მთავარი მიზანია, სასტუმროებმა, როცა მათ მომხმარებელი არ ეყოლებათ, არ გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ფიზიკური პირები იხდიან. ამას მივაღწევთ, თუმცა, რა მეთოდს გამოვიყენებთ, დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი,”-ამბობს ფანგანი.
ფანგანის თქმით, წყლის მოხმარების მკვეთრად გაზრდის შემთხვევაში ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ამ ადამიანებს სახლში სტუმრები ჰყავთ და მათ გარკვეულ პროცენტზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაეკისრებათ. სემეკის წევრი ირწმუნება, რომ ახალი ტარიფი უფრო ახლოს საყოფაცხოვრებო ტარიფთან (32 თეთრი) იქნება, ვიდრე ე.წ კომერციულთან (4. 40 ლარი).
GWP -მ ნეტგაზეთს წერილობით განუცხადა, რომ ბინათმესაკუთრეები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას და ისინი არიან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის საფასური ე.წ კომერციული ტარიფით უნდა გადაიხადონ.
“სემეკის №32 დადგენილების თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელია ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელია და სარგებლობს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით,”-წერს “ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერი” “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილში.
ასეთი ტარიფი კი, სემეკის ინფორმაციით, ორი თვის წინ რამდენიმე მოქალაქემ გაასაჩივრა და GWP-ის წინააღმდეგ წერილობით მიმართა. სემეკში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ განცხადებაში მოქალაქეები კომპანიისგან მიღებული გაფრთხილების, GWP-ის სასარგებლოდ დარიცხული ზიანის ანაზღაურებისა და კომერციული ტარიფის მოხსნას ითხოვდნენ.
გიორგი ფანგანის თქმით, კომპანიამ საკუთარი ინიციატივით დაახლოებით 600 მომხმარებელს ჯარიმა მოუხსნა, რომლის მთლიანი მოცულობა 500 ათას ლარს შეადგენდა.
როგორც სემეკის წევრი ამბობს, მომჩივნების მიერ შეთავაზებული მოდელით წყლის ტარიფი გასაქირავებელი ოთახების რაოდენობით უნდა განისაზღვროს:
“ამ ხალხის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ გასაქირავებელი ოთახების რაოდენობის მიხედვით მომხდარიყო ტარიფის განსაზღვრა. მაგალითად, სამი ნომრის შემთხვევაში -დარიცხვა საყოფაცხოვრებო ტარიფით, სამზე ზემოთ -უკვე ე.წ კომერციული ტარიფით. მათაც ესმით, რომ ხუთ ნომერს როცა აქირავებ, ეს არის გარკვეულწილად კომერცია და ამას ვერ გავექცევით,”- ამბობს ფანგანი.
დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი, საოჯახო სასტუმროს მფლობელები წყლის საფასურს რა ტარიფით გადაიხდიან და რა მოდელით მოხდება საფასურის განსაზღვრა.