ახალი ამბები

ახალაშენებული სკოლის კედლები დაიბზარა, სავარაუდო მიზეზის გათვლა წინასწარ შეიძლებოდა

30 ივნისი, 2021 • 2508
ახალაშენებული სკოლის კედლები დაიბზარა, სავარაუდო მიზეზის გათვლა წინასწარ შეიძლებოდა

თბილისის 186-ე სკოლის ახლადაშენებული კორპუსის კედლები, რომლის სამშნებელო სამუშაოებზე თავის დროზე 21 მლნ-ზე მეტი დაჯდა, გაიბზარა. 

პრობლემა სავარაუდოდ უკავშირდება წყლის მილებს, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. 

როგორც „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერი“ ამბობს, მომხდარის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. კერძოდ კი საჭირო იყო დრენაჟი, რომელიც მშენებლობის დროს უნდა დამონტაჟებულიყო და ამის შესახებ მან მშნებელობაში ჩართული მხარეები თავიდანვე გააფრთხილა.

სკოლისთვის დრენაჟს ახლა, პოსტ-ფაქტუმ აშენებენ და ამისათვის ბიუჯეტიდან 661 831 ლარის დახარჯვა იგეგმება, თანაც გამარტივებული შესყიდვით.

რატომ არ გაითვალისწინეს თავიდანვე GWP-ის გაფრთხილება და რატომ არ დაამონტაჟეს დრენაჟი, რაც სკოლას დაზიანებისგან და დამატებითი დანახარჯებისაგან დაიცავდა? – განათლების სამინისტროსა და სკოლაში კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.

რა ხდება?

186-ე სკოლა დიღომში მდებარებობს, დავით აღმაშენებლის ხეივანში. 

186-ე სკოლა

186-ე სკოლის ახალი კორპუსი, ასევე ცნობილი, როგორც „მეგა სკოლა“ 2019 წელს აშენდა და მასზე 21 445 882 ლარი დაიხარჯა. სამშნებელო სამუშაოები კომპანიამ, “დაგი” განახორციელა.

2021 წელს გაირკვა, რომ სკოლის შენობის შიდა და გარე კედლები იბზარება ასევე კიბეების და სარინელის ქვეშ არსებული გრუნტი დაჯდა.

186-ე სკოლის დაზიანებები by netgazeti ge

პრობლემის აღმოსაფხვრელად, ‘იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული შენობის შემდგომი კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაზიანება”, განათლების სამინისტროს სსიპ-ი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამბობს, რომ აუცილებელია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობის სამუშაოების დაუყოვნებლივ განხორციელება და აცხადებს ტენდერს ამ სამუშაოების შესასრულებლად, რომლის ფასიც 661 831 ლარია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყების განცხადებით, “მოსალოდნელია შენობის არათანაბარი ჯდენა, რაც გამოწვეს შენობის გეომეტრიული ფორმის ცვლილებას და ნგრევის საშიშროებას, რამდენადაც სართულშუა გადახურვა მოწყობილია ღრუტანიანი გადახურვის ფილებით.

“ვინაიდან საკითხი ეხება შენობის უსაფრთხოებას, რომელშიც განთავსებულია საგანმანათლებლო დაწესებულება, წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობის სამუშაოები ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს”, – აცხადებს განათლების სამინისტროს სსიპ-ი.

სახელმწიფო ტენდერების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციისა და წერილების თანახმად, სკოლის შენობასთან ახლოს გაედინება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს ბალანსზე მყოფი ორი მაგისტრალური წყალსადენი და ასევე წყალსადენის ქსელი.

სკოლაში გაჩენილ ბზარებს, ასევე კიბეების და სარინელის ქვეშ არსებული გრუნტის დაჯდომას სწორედ ამ მაგისტრალებს უკავშირებენ. 

თავად „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერს“ თანდართულ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამბობს, რომ აღნიშნული წყალსადენის ქსელების გარშემო ტერიტორია გაზრდილი რისკის ზონად ითვლება.

კომპანია აცხადებს, რომ მას თავიდანვე აუცილებლად მიაჩნდა წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა-ნაგებობებისთვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაძლო ზარალის რისკი, რაც არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები თავის დროზე გააფრთხილა. შესაბამისად კომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის.

თუ მშენებლობაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ადგილზე GWP-ის მაგისტრალური მილსადენები გადიოდა და საჭირო იყო წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მონტაჟი, რატომ არ განახორციელეს ეს? ასევე, ვინ და რა სახსრებით განახორციელებს უკვე დაზიანებული შენობის რეაბლიტაციას? – ამ კითხვებზე პასუხებისთვის ნეტგაზეთმა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან და განათლების სამინისტროსთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ჩვენთვის ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია განათლების სამინისტროს აუდიტიც.

„პროექტში ჯებირები გათვალისწინებული არ იყო“

ნეტგაზეთი ესაუბრა სამშენებლო კომპანია „დაგის” წარმომადგენელს, რომელმაც ააშენა 186-ე სკოლის ახალი კორპუსი.

ჩვენთან ინტერვიუში კომპანიის ტექნიკური დირექტორი ალექსანდრე კორკოტაშვილი განმარტავს, რომ საპროექტო დავალება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გაწერა, აღნიშნულ დოკუმენტაციაში კი დამცავ ჯებირებზე საუბარი არ იყო.

„ტენდერი რომ გამოცხადდა ვიცი, ეს ადრე იყო გადაწყვეტილი, იმდენად, რამედანაც ეს კომპლექსი, სადაც „მეგა სკოლა“ ავაშენეთ მოიაზრებოდა საგანმანათლებლო დიდ ქალაქად, სადაც უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფსასწავლებლები და ა.შ. თავისი ინფრასტრუქტურით.

შესაბამისად, ამას სჭირდება დამცავი ღონისძიებები… რაც მოდის ქალაქი ცენტრალური წყალსადენიდან, რომელიც სამწუხაროდ კოროზირებულია, ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლას,“ – ამბობს ის.

ალექსანდრე კორკოტაშვილი გვიხსნის, რომ ამ ბზარებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს იტყვის, თუმცა, ზედაპირული ხარვეზები ტერიტორიაზე წყლისა და ღვარცოფის გავლენისგან ფიქსირდება. რაც მილსადენის სერიოზულმა ავარიამ გამოიწვია – „მილი დაზიანდა, გასკდა, დიდი რაოდენობით წყალი დაიქცა. ტერიტორია დამრეცია, შესაბამისად, მოახდინა მიწის ეროზია და ეს ტალახი და მიწა აირია ერთმანეთში..“.

ამასთანავე, კომპანიის ინფორმაციით, ლოკალურად სანიაღვრე სისტემა გააკეთეს, თუმცა, დაზიანებული მილის გამო, ეს სისტემა დაზიანდა და წყლის გატარება ვეღარ მოახერხა.

„შენობა აშენდა 2019 წელს. ამ წელს ის ჩავაბარეთ. ექსპლუატაციაში მიიღეს თუ არ მიიღეს, ეს ჩემი პრობლემა არ იყო. მე რაც მევალებოდა, საპროექტო სამუშაოების შესრულება და შენობის აშენება – სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვალდებულება შევასრულე. ხელშეკრულებით ჩვენ არ გვქონია ვალდებულება რაიმე საყრდენი კედელის ან დამცავი ჯებირის, ან ზედაპირული სანიაღვრე სისტემის აშენების ამ კომპლექსის ფარგლებში. ჩვენ მხოლოდ ლოკალურად, იმ ფართობში ვმუშაობდით, რა ფართობის ათვისებაზეც იყო საუბარი,“- განმარტავს ის. 

რაც შეეხება არა ახალი სადრენაჟო სისტემის მშენებლობას არამედ უკვე არსებული ზიანის [დაბზარული კედლები] გამოსწორებას, „დაგში“ განმარტავენ, როგორც წესი, ხელშეკრულება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, ითვალისწინებს ხარვეზებზე რეაგირებას – „ნაკისრ ვალდებულებებს არავინ გაურბის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი