ახალი ამბები

მარეგულირებელმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა

12 აგვისტო, 2021 •
მარეგულირებელმა GWP 75 ათასი ლარით დააჯარიმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკმა) წყლის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

სემეკი GWP-ს ედავებოდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.

კერძოდ, უწყების განმარტებით, დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა.

ასევე, სემეკის თანახმად, დაჯარიმების საფუძველია „მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას“.

„სემეკში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთანავე, „სემეკის“ განცხადებით, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც.

ეს მოცულობები, მარეგულირებლის თანახმად, GWP-ის მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით.

მარეგულირებელი კომპანიას აფრთხილებს, რომ დარღვევების აღმოუფხვრელობის ან მათი განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიის განმეორებით დაჯარიმებაზე.

თელასი და თელმიკო ზედმეტად დარიცხული თანხების გამო დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი