მარგველაშვილი: არჩევნებში ნარმანიას დავუჭირე მხარი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა, რომ იგი დავით ნარმანიას მხარდამჭერია და მეორე ტურშიც მას მისცემს ხმას. 

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს დავით ნარმანიას, რადგან  პატიოსანი და სკურპულოზური ადამიანია, რომელიც ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

 

მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ნარმანია იქნება კარგი მერი, რომელიც თბილისს არაერთ პრობლემას მოუგვარებს. 

 

“მე, როგორც ნარმანიას ამომრჩეველმა მინდა ვთქვა, რომ არ დავიზარებ, როცა იქნება არჩევნები, მივალ და კიდევ ერთხელ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ჩემი მთავარი სადარდებელი იყო დემოკრატიული არჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ იყო რიგი დარღვევების და მინდა მოვუწოდო, რომ ბოლომდე მიყვნენ ყველა დარღვევას. მაგრამ დარღვევების მიუხედავად ეს ნამდვილად იყო დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა მარგველაშვლმა. 

 

პრეზიდენტი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მისთვის მთავარ კითხვას გაეცა პასუხი. მარგველაშვილის თქმით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება, ხოლო მოქალაქეებმა ირწმუნეს, რომ მათი ხმა არის გადამწყვეტი. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართა, რომელშიც “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ 46% მიიღო. მეორე ტურის ზუსტი თარიღი უცნობია. ის თბილისში დავით ნარმანისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ნიკა მელიას შორის გაიმართება, მელიამ თბილისში ხმების 28% მიიღო. 

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი