ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დისციპლინარული სასჯელის სახით გაფრთხილებები მისცა თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას მშობლიურ სოფელ კოკში მოქმედი #97 საუბნო კომისიის 5 წევრს, მათ შორის ნარმანიას დედას, ნორა თოდუას, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრი პ/გაერთიანება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ქვოტით არის.

როგორც “ნეტგაზეთს” საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა კვარაცხელიამ განუცხადა, მათ შეისწავლეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა და კომისიის წევრების დისციპლინარული საკითხის დაყენება გადაწყვიტეს, რაც გაფრთხილებებში გამოიხატა. კობა კვარაცხელიას განმარტებით, მათ დღევანდელ სხდომაზე დაადგინეს, რომ ნორა თოდუას მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და კომისიის მეორე წევრმა მანანა ხუბუამ ხმის მიცემის შემდეგ შემოხაზული ბიულეტენი თავისი ნებით აჩვენა ნარმანიას დედას:
“ზეწოლასა და ზემოქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია, ეს მათი თავისუფალი ნების გამოხატვა იყო, მაგრამ რადგანაც ეს ფაქტი [ბიულეტენის ჩვენების] მოხდა და ესენი კომისიის წევრები არიან, ამიტომ დავაყენეთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი”.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ სხდომას კოკის საუბნო კომისიის მხოლოდ 11 წევრი ესწრებოდა. 2 მათგანი ,მანანა ხუბუა და ნორა თოდუა განხილვაზე არ მივიდნენ, სწორედ ეს ადამაინები ფიგურირებენ ენმ-ის კადრებში. ნეტგაზეთის კითხვას, მანანა ხუბუასა და ნორა თოდუას ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე როგორ დაადგინა საოლქო კომისიამ, რომ ნორა თოდუას მხრიდან მანანა ხუბუაზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ამ უკანასკნელმა თავისი ნებით უჩვენა შემოხაზული ბიულეტენი, კობა კვარაცხელიამ ასე უპასუხა:
“დიახ, არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ერთი [ნორა თოდუა] არ იმყოფება ზუგდიდში, თბილისშია, და მეორეს ვერ ვუკავშირდებით ტელეფონზე. თუმცა კომისიის დანარჩენი თერთმეტივე წევრი ამბობს, რომ ფაქტს ადგილი ჰქონდაო, მაგრამ ეს არ ყოფილა ზეწოლიდან გამომდინარეო”, – ამბობს კვარაცხელია და დასძენს, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს და არც მის შემდეგ ამ ფაქტზე საოლქო კომისიაში არც დამკვირვებლებსა თუ პოლიტიკურ ძალებს შეუტანიათ საჩივარი.
კითხვას, უშვებს თუ არა იგი იმის ალბათობას, რომ კოკის საუბნო კომისიის წევრები სიმართლეს არ ამბობენ, როდესაც აცხადებენ, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, იგი ასე პასუხობს:
“გასაგებია, მაგრამ ჩვენ ამის [გარკვევის] საშუალება არ გვაქვს იმიტომ, რომ საგამოძიებო ორგანო არ ვართ”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, ამ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ენმ-ის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობა დადგინდება. საია კადრებში ასახულ მოქმედებებს ასე აფასებს:
“ფარულობა არის არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური პრინციპი და ეს არა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის პრინციპია, რომელსაც რაღაც შინაარსობრივი დატვირთვა არ გააჩნია. მას აქვს ძალიან მნიშნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვაც. ეს პრინციპი რეალიზდება საარჩევნო კოდექსში. იქ არის მუხლები, რომლებიც ფარულობის პრინციპის დარღვევას და ზეგავლენას კრძალავს ამომრჩეველზე. მაგალითად, იქ არის მე-3 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ამომრჩევლის ნების კონტროლი ასევე არის აკრძალული, მაგრამ კონკრეტულ სანქციას საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს. თავისი მნიშვენლობიდან გამომდინარე ეს საკითხი გადატანილია სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის 164-ე მუხლი ამბობს, რომ ფარულობის პრინციპის დარღვევა დანაშაულია”, – აცხადებს კოჟორიძე და დასძენს, რომ სოფელ კოკის კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, მოხდა თუ არა კანონდარღვევა, თუმცა გავრცელებულ კადრებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება:
“რა კადრებიც გავრცელდა, იქიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა ჩვენი შეფასება, რომ დანაშაულის ნიშნები ნამდვილად არის. უნდა დაიწყოს გამოძიება. ამომრჩეველი გამოდის კაბინიდან, ბიულეტენს დებს კონვერტში, ამის შემდეგ ისმის კომისიის სხვა წევრის მოწოდება, რომ აჩვენოს ბიულეტენი, ეს ბიულეტენს იღებს კონვერტიდან, მიდის აჩვენებს და ის ხედავს, ვინ არის შემოხაზული”.
ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა ნორა თოდუასთან დაკავშირება. კოკის საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მოუცლელობის საბაბით საუბარზე უარი გვითხრა.
ამ საკითხზე ასეთ კომენტარს აკეთებს თავად დავით ნარმანია:
“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის არღვევდა კანონმდებლობას, ის ცალკეული ქმედება, რაც მისი მხრიდან იყო განხორციელებული, ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ და მხოლოდ და მას კანონმდებლობის რაიმე სახის დარღვევასთან ან გადაცდომასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილი არ აქვს”.
განცხადებები გაკეთდა დავით ნარმანიას თანაგუნდლების მხრიდანაც: კალაძის თქმით, ნარმანიას დედას კანონი არ დაურღვევია. თამარ კორძაიამ კი თქვა: “ვნახე ვიდეო, იქ ჩანს კომისიის წევრი, რომელიც მიდის და აჩვენებს მას [ნორა თოდუას] ბიულეტენს, მაგრამ ეს კადრები არ ადასტურებს იმას, რომ ეს ქალბატონი ვინმეს აიძულებდა ბიულეტენის ჩვენებას”.
კახა კოჟორიძის განცხადებით, ფარულობის პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველს არ აქვს იმის უფლება- თქვას, ვის მისცა ხმა, მაგრამ სხვა ადამიანს არ შეუძლია ამ გადაწყვეტილებაში ჩარევა:
“როდესაც სხვა ითხოვს, მაჩვენე ვინ შემოხაზეო, ეს უკვე არის დარღვევა, ჩვენ ვფიქრობთ. თუმცა ამას გამოძიება სჭირდება”.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთს არ მიაწოდა ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ხმების არასწორად დათვლას ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ,ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საიას თავმჯდომარის განცხადებით კი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლები პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, რომ როდესაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მასმედიის საშუალებით, ეს უკვე წარმოშობს სამართალდამცავი უწყებების ვალდებულებას, რომ გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, ზოგადად, როდესაც დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციაზეა საუბარი, მხოლოდ ცესკოს მიერ ჩატარებული განხილვა საკმარისი არ არის, რადგან დანაშაულის გამოძიების კომპეტენცია საარჩევნო კომისიას არ გააჩნია.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 19 ივნისს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც დავით ნარმანიას დედაა ასახული. ნაცმოძრაობა ნარმანიას დედას, რომელიც სოფელ კოკის საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იყო, ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ის აკონტროლებდა, რომ ამომრჩევლებს ხმა “ქართული ოცნებისთვის” მიეცათ. სოფელ კოკის საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ხმა 436-მა ამომრჩეველმა მისცა, საიდანაც 256 ხმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ხოლო 157 – ნაცმოძრაობამ.
