ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა, რის შედეგადაც მის 13,000-ზე მეტ პრობლემურ მომხმარებელს, დავალიანება სრულად გაუუქმდება. დავალიანების ძირი თანხა 7.7 მილიონი ლარია, რაც პროგრამაში მონაწილე სესხების ჯამური პორტფელის 0.5%-ს შეადგენს.
„ვითიბი ბანკი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკრედიტების პოლიტიკას, შესაბამისად, ბანკის წილი გაუქმებული სესხების მთლიან პორტფელში საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 0.5%-ს. მიუხედავად ამისა ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. პროგრამაში მონაწილე პირების სიები დაზუსტებული და გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე vali.ge – განაცხადა ვითიბი ბანკის რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
