ახალი ამბები

ხიდაშელის ინიციატივა პოლიტიკური და არჩევითი თანამდებობების პირებისთვის პრემიების აკრძალვაზე

19 ივნისი, 2014 • • 1431
ხიდაშელის ინიციატივა პოლიტიკური და არჩევითი თანამდებობების პირებისთვის პრემიების აკრძალვაზე

როგორც ხიდაშელმა ნეტგაზეთს განუცხადა, ინიციატივა 2 ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოებში (საკრებულოები, პარლამენტი) არჩეულ და ზოგადად პოლიტიკური თანამდებობის პირებზე (მინისტრები, მათი მოადგილეები) პრემიების გაცემა უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსა და ჩინოვნიკებს, ხიდაშელის თქმით, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მათი წახალისების უფლება უნდა დარჩეთ, მაგრამ პრემიების გაცემის საკითხზე კანონი უფრო უნდა გამკაცრდეს:

“მე ვფიქრობ, რომ წარმომადგენლობით არჩეულ ორგანოებში პრემიის გაცემა საერთოდ უნდა აიკრძალოს, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი პრემია უკვე მიღებული გვაქვს ხალხის ნდობის სახით. იმ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, არ აქვს 09:00-დან – 18:00 საათამდე დღიური სამუშაო რეჟიმი და სამუშაო საათები, რის მიხედვითაც თუ 2 საათით მეტს ვიმუშავებთ, პრემიით უნდა დაგვაჯილდოონ. ჯილდოს ვიღებთ 4 წლის შემდეგ, როდესაც არჩევნებზე წარვსდგებით, ან არ მივიღებთ ამ ჯილდოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს [საკანონდმებლო ცვლილება] 2-ნაწილიანი უნდა იყოს: 1. წარმომადგენლობით ორგანოებში არჩევით თანამდებობებზე საერთოდ უნდა აიკრძალოს პრემიები, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, და რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, იქ შესაძლებელია წავიდეთ უფრო ნეგატიური ფორმით, არა ისე, როგორც ახლა განმარტავს კანონი, პოზიტიურად –  რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს პრემია, არამედ ნეგატიური ფორმით და ჩამოვწეროთ, რა შემთხვევაში არ შეიძლება გაიცემოდეს პრემია, რათა უფრო გასაგები გახდეს მათთვის, ვისთვისაც, როგორც ჩანს, ეს ჯერაც არ არის გასაგები”.

 

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

 

თინა ხიდაშელის თქმით, მისთვის კანონი ახლაც ნორმალურად განმარტავს ამ საკითხს, თუმცა, როგორც ჩანს, ის ყველას ასე არ ესმის:

 

“რადგან ადგილზე ჩინოვნიკები, თანამდებობის პირები ვერ ხვდებიან პრობლემის მასშტაბს და ეს თბილისის საკრებულოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც კარგად აჩვენა, საჭიროა ამ საკითხის კანონმდბელობით რეგულირება. კანონი ახლაც ნორმალურად განმარტავს თემას, ჩემი აზრით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და უფრო უნდა გამკაცრდეს. ჩემი პოზიცია აქ ცალსახაა. როგორც ჩანს, კანონი არ იძლევა საკმარის დეფინიციას იმისათვის, რომ პრემია ეს არის საგამონაკლისო შემთხვევა და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიცეს, როცა ადამიანი რაღაც ექსტრაორდინარულს გააკეთებ,ს ან განსაკუთრებულ გმირობას გამოიჩენს”.

 

ხიდაშელი აპირებს, რომ კანონპროექტში ჩაწეროს ის შემთხვევები, როდესაც პრემიის გაცემა აიკრძალება:

“მაგალითად, ყოველთვიურად პრემიის გაცემა აკრძაული უნდა იყოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანი ყოველთვიურად ისეთ გმირობას ჩადიოდეს, რომ პრემიას აძლევდნენ. საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობების კარგად შესრულების გამო ადამიანი იღებს ხელფასს და ამაში მან პრემია არ უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია კანონში დეტალურად განმარტო და ყველა ის შემთხვევა ჩამოწერო, როდესაც ადამიანმა პრემია შეიძლება მიიღოს, იმიტომ, რომ ყველა სამსახური სპეციფიკურია და ზემდგომ თანამდებობის პირს თანამშრომლის წახალისების უფლება უნდა ჰქონდეს. საერთოდ ეს თემა ნაკლებად ეხებათ ჩინოვნიკებს და აპარატის თანამშრომლებს, მაგრამ რაც უფრო მაღალ თანამდებობაზეა ადამიანი, მით უფრო მაღალია მისი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, მეტი მოეთხოვება მას და ნაკლებია იმის შანსი, რომ მან რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც სამსახურებრივად არ ევალებოდა. ამიტომ პრემიების თემა უნდა შემოიფარგლოს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევით, განსაკუთრებული მიღწევით, განსაკუთრებული აღმოჩენით, ან რაიმე ისეთი განსაკუთრებულით, რომელზეც მე და თქვენ არასოდეს გაგვიჩნდება შეკითხვა, ამ ადამიანმა რატომ მიიღო პრემიაო”, – აცხადებს ხიდაშელი.


თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მუშაობს ჯგუფი ანალოგიური საკითხის დარეგულირებაზე. ნეტგაზეთის კითხვას, მოდის თუ არა კორელაციაში ამ სამუშაო ჯგუფის ხედვები მის ინიციატივასთან, დეპუტატი ხიდაშელი ასე პასუხობს:


“ეს ამასთან არაფერ პრობლემას არ ქმნის, იმიტომ, რომ ისინი სწორედ იმ პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობენ, რაზეც მე მოგახსენებდით: კანონში რთულია ჩამოწერო ყველა კონკრეტული შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემას თავისი სპეციფიკა აქვს და განათლებას- თავისი. კანონში ასე მარტივად ვერ დაწერ. კანონით უნდა განისაზღვროს პოლიტიკური ნება. პრემიერ-მინისტრთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი ვერ დაწერს სამართლებრივ აქტს, რომელსაც მთავრობა მიიღებს და რომლითაც, მაგალითად, აიკრძალება საკრებულოს ან პარლამენტის წევრებზე პრემიების გაცემა. ეს არ არის მათი კომპეტენცია. ისინი ამას ვერ გააკეთებენ. ეს მხოლოდ პარლამენტში შეიძლება დარეგულირდეს. მათი მუშაობის პროცესში თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც ისეთს მიადგებიან, რასაც საკანონმდებლო ცვლილება დასჭირდება, ვიცი რა მათი განწყობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხედვებში რაიმე აცდენა არ იქნება”.

 

ხიდაშელის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ზემოხსენებულ საკანონმდებლო ინიციატივას სხვა ბევრი დეპუტატიც მოაწერს ხელს და ეს არ იქნება მხოლოდ მისი, როგორც ერთი დეპუტატის კანონპროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი