“ველოდებით გამარჯვებას. ამის საფუძველს მაძლევს ის მხარდაჭერა, რაც მოსახლეობამ პირველ ტურში დააფიქსირა, მე 45% ავიღე, თან ეს იმ ფონზე, რომ ბაღდათში ახალი ჩასული ვარ და მაინც ნაკლებად ცნობადი ვიყავი. ახლა ხალხმა გამიცნო და იმედი მაქვს, მეორე ტურში ერთმნიშვნელოვნად დამიჭერენ მხარს და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებ,” – აცხადებს ირაკლი გეგეშიძე.
მევლუდ კიკნაველიძის თქმით კი, ის ფაქტი, რომ მან პირველ ტურში ვერ მოიპოვა გამარჯვება, ინერტულმა წინასაარჩევნო კამპანიამ გამოიწვია:
“ჩემი ხმები სხვადასხვა პარტიებმა წაიღეს. იყო რაღაც ნიუანსები, გვიან ჩავერთე წინასაარჩევნო კამპანიაში. ვიცოდი, რომ პირველ ტურში ვერავინ გადავლახავდით. ჩემი ნომერი თან ახალი იყო, ხალხმა არ იცოდა. ალბათ, ზეწოლა აწი უფრო გაძლიერდება ხალხზე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამასაც გავუძლებთ და გავიმარჯვებ,” – აცხადებს კიკნაველიძე.
ცესკოს მონაცემებით, 15 ივნისის არჩევნების შედეგად ირაკლი გეგეშიძემ ხმების 45,12% მიიღო, ხოლო მევლუდ კიკნაველიძემ – 36,04%, შესაბამისად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი და ბაღდათში გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.
“საჩივრები არ დაწერილა, განსახილველი არაფერი გვქონდა. ჯერჯერობით ვმუშაობთ ოქმებზე. როცა ცესკო დანიშნავს, დავიწყებთ მზადებას მეორე ტურისთვის. მე მგონია, რომ აქტივობა ისევ დაბალი იქნება,”- აცხადებს ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ნემსაძე.
