ნეტგაზეთი | პომპეომ ზურაბიშვილის მილოცვაში საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი პომპეომ ზურაბიშვილის მილოცვაში საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი – Netgazeti
RU | GE  

პომპეომ ზურაბიშვილის მილოცვაში საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი

10 დეკემბრის საღამოს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის.

იმავე საღამოს ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პომპეომ ზურაბიშვილს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

ასევე ეწერა, რომ პომპეომ ზურაბიშვილთან საუბრისას “კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”.

თუმცა ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ იყო მითითებული საუბრის, სავარაუდოდ, ბოლო ნაწილი — რომ მათ ასევე განიხილეს “საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის”.

საუბრის ამ ნაწილის შესახებ ინფორმაცია მოცემულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, რობერტ პალანდინოს, 11 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com