ახალი ამბები

მეუფე იაკობს მამალაძის ადვოკატზე ინფორმაციის უარყოფა და 1 ლარის გადახდა დაეკისრა

11 დეკემბერი, 2018 • 1505
მეუფე იაკობს მამალაძის ადვოკატზე ინფორმაციის უარყოფა და 1 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუფე იაკობს, რომელსაც რამიშვილი ღირსების შელახვაში სდებდა ბრალს, 1-ლარიანი ჯარიმა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საჯარო უარყოფა დაეკისრა.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება 2017 წლის 21 სექტემბერს რამიშვილის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც  მეუფე იაკობმა ის მოიხსენია როგორც “მაბეზღარა ადამიანი” და “სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს”.

“მას შემდეგ, რაც სხდომაზე დაიკითხა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წარმომადგენელი და ასევე სხვა ადვოკატი (რომელიც მოსარჩლესთან ერთად იცავდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იმ საქმეში), რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოსარჩლის კეთილსინდისიერებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ,” – წერია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუფე იაკობს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საჯაროს უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლური გადასახადის, 1 ლარის, გადახდა დაეკისრა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი