საქართველო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს

საქართველო 2017 წელს რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს, ამის შესახებ დღეს, 17 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა.

ლევან ყიფიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ რაგბის კავშირის პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ მიიღო. მთავრობის სხდომაზე პრეზენტაცია რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა გია ნიჟარაძემ წარადგინა:

 

“ასეთი დონის და მასშტაბის სპორტული ღონისძიება საქართველოში სათამაშო სახეობებში არ ჩატარებულა და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგრც ქვეყნისთვის, ასევე, მთლიანად სპორტის განვითარებისთვის. 27 ივნისს ჩვენ უნდა წარვადგინოთ განაცხადი ამ ტურნირის მასპინძლობაზე. ასე რომ, ვულოცავ პირველ რიგში სპორტის და რაგბის გულშემატკივრებს”, – განაცხადა მინისტრმა.


“ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს და ავტომატურად საქართველო, თუკი ჩვენ ვუმასპინძლებთ. ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ საუკეთესო გუნდებში მოვხვედრილიყავით და გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ყოველგვარი წვალების გარეშე მოვხვდეთ. ქვეყნისთვის ექნება უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ტურნირი არის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, ჩამოვა უამრავი ტურისტი და ქვეყანა ნახავს სარგებელს. ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა საერთაშორისო ფედერაციაში, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ თუ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, იმუშავებს ძალიან კარგად რაგბის განვითარებაზე, დარჩება ინფრასტრუქტურა, ბევრი სიკეთე როგორც რაგბის, ასევე ქვეყანას. შანსი გვაქვს ძალიან მაღალი”, – განაცხადა გია ნიჟარაძემ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი