ახალი ამბები

ქობულია: მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური, ახლა საბჭოთა კავშირი აღარ არის

10 დეკემბერი, 2018 • 3366
ქობულია: მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური, ახლა საბჭოთა კავშირი აღარ არის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პურის ფასი არ რეგულირდება. როგორც დღეს გიორგი ქობულიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური და აქამდე ვერც არასამართლიანი კონკურენციის პირობებს ხედავდნენ, თუმცა აღნიშნულ საკითხს მაინც შეისწავლიან:

“ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესებს. პურის ფასი არ რეგულირდება. სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. ახლა საბჭოთა კავშირი აღარ არის, უკვე დაიშალა. აქამდე ვერ ვხედავდით არასამართლიანი კონკურენციის პირობებს. დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამან, რასაკვირველია, გამოიწვია ჩვენი ყურადღება და ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ”, – თქვა ქობულიამ.

პურის ფასის მომატებაზე დღეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, “არსებობს მოსაზრება, რომ საქმე შესაძლო არასამართლიან კონკურენციასთან გვქონდეს,” და შესაბამის ორგანოებს ფასის ზრდის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება დაავალა:

““არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ საქმე შესაძლო არასამართლიან კონკურენციასთან გვქონდეს. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო – უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სტიუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ. შესაბამისად, მივმართავ ამ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში მოამზადონ შესაბამისი დასკვნები,” – ამბობს პრემიერი.

დღეიდან, 10 დეკემბრიდან, მაღაზიის დახლებზე პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. ნეტგაზეთს მაღაზიებში უთხრეს, რომ ფასის მატება ყველა პურს შეეხება. რაც შეეხება თონეებს, მცხობლების თქმით, მათთვის 1 ტომარა ფქვილი 46-47 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რატომ გაძვირდა პური

მასალების გადაბეჭდვის წესი