ახალი ამბები

რატომ გაძვირდა პური

10 დეკემბერი, 2018 • 3133
რატომ გაძვირდა პური

დღეიდან, 10 დეკემბრიდან, მაღაზიის დახლებზე პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. ნეტგაზეთს მაღაზიებში უთხრეს, რომ ფასის მატება ყველა პურს შეეხება. რაც შეეხება თონეებს, მცხობლების თქმით, მათთვის 1 ტომარა ფქვილი 46-47 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა.

ნეტგაზეთთან საუბარში მაღაზიის გამყიდვლები პურის გაძვირების ფასს ეროვნული ვალუტის დევალვაციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მათი მოლოდინებით მომავალ თვეში ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, პურის ფასის გაძვირების კიდევ ერთ მიზეზს თავად საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ასახელებენ.

“ფქვილის ფასი თითო ტომარაზე გაიზრდა და 46-47 ლარია, რისი მიზეზიც ის არის, რომ ხორბალი რუსეთის საექსპორტო რაიონებში [ შავიზღვისპირეთი] ამოიწურა და ახლა ხორბალი მოაქვთ ციმბირიდან. ამის მიზეზია ფასის ზრდა. ამასთანავე, ხორბალი გაძვირდა რუსეთში, წინა თვეში ერთი ტონა ხორბალი 210 აშშ დოლარი ღირდა, ახლა კი ეს ფასი 250 აშშ დოლარს აღწევს,” – ამბობს საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

კითხვაზე, კიდევ უფრო გაიზრდება თუ არა ფასი, სილაგავა ამბობს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე რუსეთში სადღესასწაულო/დასვენების პერიოდებია, შესაბამისად, პორტები გაჩერებულია,

“ეს ნიშნავს, რომ მარაგი დღევანდელი ფასით შემოვიდა. ახალი ანალიტიკა დაიწყება თებერვლის დასაწყისში და ფასი დადგინდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ გადაიტანს რუსეთი ზამთარს,” – დასძენს ლევან სილაგავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი