ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ ძვირდება პური

11 ოქტომბერი, 2021 • 3292
რატომ ძვირდება პური

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში პურის ფასი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა მიზეზები ახდენს გავლენას პურის ფასის გაძვირებაზე და რა შეიძლება იყოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი.

საქართველოს პურისა და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციები ფასების მატებას საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას უკავშირებენ.

ხორბლის წარმოება საქართველოში – არის თუ არა იგი საკმარისი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს. ამ წელს საქართველოდან ექსპორტზე ხორბალი საერთოდ არ გასულა, მეორე მხრივ კი ქვეყანაში 491 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს.

2020 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ოდენობა თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ წარმოებას.

2020-ში ხორბლის მოხმარების მხოლოდ 17.26 პროცენტი დააკმაყოფილა ადგილობრივმა წარმოებამ, ხოლო დანარჩენი 82.74 პროცენტი იმპორტულ ნედლეულზე მოდიოდა (კალკულაციის დროს არ არის გათვალისწინებული პურ-პროდუქტების მზა სახით იმპორტი).

საქსტატი არ აქვეყნებს მხოლოდ ხორბლის ნათესი ფართობების მონაცემს და მას აერთიანებს სხვა ერთწლიან კულტურებთან, თუმცა აქვეყნებს საშუალო მოსავლიანობის მონაცემს, რაც ხორბლის შემთხვევაში 2020 წელს ჰექტარზე 2.2 ტონა იყო, 2019 წელს – 2.3, ხოლო 2018 წელს 2.5.

შედარებისთვის, Our world in data-ს მონაცემების თანახმად, 2018 წელს ახალ ზელანდიაში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 8.96 ტონა ხორბალს იღებდნენ, ნიდერლანდებში 8.8 ტონას, ირლანდიაში – 8.7 ტონას, აზერბაიჯანში 2.9 ტონას, ხოლო სომხეთში 2.8 ტონას.

რატომ გაძვირდა პური

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურზე ფასების მატება ძირითადად პურის შემადგენელი ინგრედიენტების, მათ შორის ფქვილის გაძვირებას უკავშირდება.

“წლის დასაწყისში ხორბლის ფასები იყო 220-250 დოლარი ერთ ტონაზე, მაგრამ შემდეგ ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა მსოფლიო მონიტორინგმა ხორბლის შესახებ, აჩვენა რომ ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში ელოდნენ შედარებით ნაკლებ მოსავალს, ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა ბირჟაზე ფასი გაიზარდა და დაფიქსირდა 300 დოლარი ტონაზე. რა თქმა უნდა, ამან დომინოს პრინციპით იმოქმედა და ხორბლის მწარმოებელმა ქვეყნებმა დაიწყეს პროდუქციის გაძვირება”, – აცხადებს მალხაზ დოლიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, პურის ფასის ზრდაში მონაწილეობს რუსეთის მიერ დაწესებული ექსპორტის მცოცავი გადასახადიც, რომელიც რუსეთიდან ხორბლის ექსპორტიორმა პირებმა ან კომპანიებმა უნდა გადაიხადონ და რომელიც, დოლიძის განცხადებით, ამჟამად ტონაზე 57 დოლარია.

ხორბლის ფასების დინამიკა 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით – ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი.

ფქვილის გაძვირებაზე მიუთითებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავაც.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს საკუთარი ხორბლის მოხმარების მხოლოდ 10 პროცენტის დაკმაყოფილება შეუძლია, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები ქვეყანაზე აუცილებლად აისახება.

“წინა თვეში 15 მილიონი ტონით შემცირდა მოსალოდნელი მოსავალი, რამაც სერიოზული რყევები გამოიწვია.

ჩვენთვის ყველაზე პესიმისტური იყო ის, რომ რუსეთში მოსავალი 10 მილიონი ტონით შემცირდა. კლება დაფიქსირდა ყაზახეთში, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებშიც.

დღესდღეობით ერთი ტონის შემოტანის ფასი 320 დოლარია, მაშინ როდესაც, პირველი ივნისს ეს იყო 240 დოლარის ფარგლებში, რაც ძალიან დიდი მატებაა”, – განუცხადა ლევან სილაგავამ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, “ხორბლის ფასების ზრდა ფქვილის ფასშიც აისახა, თუმცა არა იმ პროპორციით, როგორადაც ხორბალი გაძვირდა, რადგან არსებობს გარდამავალი მარაგები, რაც საშუალებას იძლევა მწარმოებლებმა საშუალო შეწონილი ფასებით ისარგებლონ”.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი

მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფასების შესანარჩუნებლად მუდმივად სუბსიდირება გამოსავალი ვერ იქნება.

მისივე თქმით პური, იმის გამო, რომ მწარმოებლებს უხდებათ გადასახადებისა და კომუნალური მოსაკრებლების გადახდა, უნდა ღირდეს იმდენი, რომ ეს ხარჯები დაიფაროს.

დოლიძის განცხადებითვე, შესაძლოა არსებობდეს დარგის ხელშეწყობის სხვადასხვა გზები, რაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტის ლიბერალიზაციასა და გადასახადებისგან გათავისუფლებაში გამოიხატოს.

ლევან სილაგავას თანახმად, პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი გზა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და მსყიდველობითუნარიანობის გაზრდაა.

“სამწუხაროდ, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ეს სენსიტიური თემაა. თუ გრძელვადიანად ვიმსჯელებთ, ეს არ არის მხოლოდ პურის საკითხი და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და მსყიდველობითუნარიანობის გაზრდა, რათა მივუახლოვდეთ ისეთ ქვეყნებს, სადაც სენსიტიურად არ ითვლება პურის 10 თეთრით (3 ცენტით) გაძვირება”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებში მოკლევადიან პერიოდში პურის ფასების გაზრდის შეჩერებას სხვადასხვა ფორმით უპირისპირდებიან, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სოციალური ჯგუფებისთვის ფასების ზრდის კომპენსაცია და/ან საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პურის წარმოების ჯაჭვში გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს გადასახადს მოხსნის.

ლევან სილაგავას თანახმად, საჭიროა ქვეყანაში ხორბლის წარმოების განვითარებაც, რათა ადგილობრივი მარაგები შეიქმნას, ამისათვის კი, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობის გაზრდა.

“(აქცენტი უნდა გაკეთდეს) ახალ ტექნოლოგიებზე, ცოდნასა და ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობის გაზრდაზე. ჩვენ ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და აქ მთავარი ხდება ტექნოლოგია და ცოდნა. აგროდაზღვევა უნდა შემოვიდეს, მეთესლეობა უნდა განვითარდეს.

ჩვენი ჰექტარზე მიღებული 2 ტონიდან, მოსავალი უნდა ავიდეს 5-6 ტონაზე, რაც ნიშნავს დღევანდელზე 3-ჯერ მეტი მოსავალსა და თვითუზრუნველყოფის მეტ კოეფიციენტს”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

ნეტგაზეთს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ამჟამად პურის ფასის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება არ იგეგმება, ხოლო კონკურენციის სააგენტოში გვითხრეს, რომ “ამ ეტაპზე პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მონიტორინგი არ დაწყებულა”.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში საქართველოში პური და პურპროდუქტები 13.2 პროცენტით გაძვირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი