ახალი ამბები

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლით ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

10 დეკემბერი, 2018 • 3242
ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლით ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სასამართლოს მიმართავს და სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება სასამართლოში მიმართვის საფუძველს, ვაშაძე ასახელებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლს, რომელშიც ვკითხულობთ:

მუხლი 47. ამომრჩევლის მოსყიდვა

“1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა)  საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში”.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი “მოსყიდვის, უზარმაზარ ზღვა მასალას” წარადგენენ სასამართლოში, მათ შორის 600 000 პირისთვის ვალების ჩამოწერის “თაღლითურ დაპირებას”, ასევე ხახვის, კარტოფილის, მეორადი ტანსაცმლის უფასოდ დარიგების ვიდეოებს.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს სასამართლოში წარადგინოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც მოსყიდვის შესაძლო ფაქტებზეა საუბარი.

ვაშაძე პროკურატურასაც მიმართავს, დაიწყოს გამოძიება შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე.

“ბევრი ამბობს, რა აზრი აქვსო, ის აზრი აქვს, რომ დემოკრატიისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი