მინდია გოგოჭურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს  თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს.

7 დეკემბერს გამართულ პროცესზე პირველმა ინსტანციამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გოგოჭურს პროკურატურა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

გამოძიება ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე  ს.ს.კ. 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას სამართალდამცავები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ეძებდნენ.

გოგოჭურის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმე განგებაა დამძიმებული, რათა აღკვეთის ღონისძიებად გოგოჭურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდოს. ადვოკატი საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს:

“საქმე რომ საშინლად დამძიმებულია, მანდ ორი აზრი არ არსებობს. [სსკ-ის] 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, ფაქტობრივად, პრაქტიკაში გამოუყენებადი მუხლია. მეექვსე ნაწილს იყენებენ ძალიან იშვიათად. ჯერ დადგენილი არაა, ვისია იარაღი და უკვე ჯგუფური აქვს ბრალში დადგენილი. ანუ საქმე ისე არის დამძიმებული, რომ ხვალ მოსამართლემ არა გირაო, არამედ პატიმრობა შეუფარდოს. მე აქ პოლიტიკურ სარჩულს უფრო ვხედავ,“ – ამბობს ადვოკატი.

როგორც შსს აცხადებს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი- დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან