ახალი ამბები

“ამაზონის” რობოტმა მუშებს დათვების მოსაგერიებელი წიწაკის სპრეი შეასხა

7 დეკემბერი, 2018 • 3115
“ამაზონის” რობოტმა მუშებს დათვების მოსაგერიებელი წიწაკის სპრეი შეასხა

ონლაინმაღაზია “ამაზონის” რობოტმა კომპანიის თანამშრომლებს შემთხვევით შეასხა დათვის მოსაგერიებლად განკუთვნილი წიწაკის სპრეი, რის შედეგადაც 24 თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი “ამაზონის” ნიუ ჯერსიში მდებარე საწყობში მოხდა 6 დეკემბერს.

Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომატიზირებულმა რობოტმა თანამშრომლებს საწყობის თაროდან ჩამოვარდნილი 225-გრამიანი ქილიდან შეასხურა ნივთიერება კაპსაიცინი. ეს არის ნივთიერება, რომელიც წიწაკას სიცხარეს აძლევს.

ამაზონმა განაცხადა: “ყველა დაზარალებული თანამშრომელი უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან ან შემდეგ 24 საათში გამოეწერებიან. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება მუდამ უმაღლესი პრიორიტეტია. დაწყებულია გამოძიება”.

გამოცემის თანახმად, ინციდენტმა ფოკუსში მოაქცია არსებული ვითარება “ამაზონის” საწყობებში, რომლებიც საფრთხის შემცველი სამუშაო პირობების გამო ხშირად ექცევიან კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან კომპანია დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე მეტად “პროდუქტიულობაზე” არის კონცენტრირებული.

როგორც The Wired წერს, საერთო ჯამში, 54 მუშას მისწვდა წიწაკის სპრეი, რამაც გამოიწვია სუნთქვის გართულება, წვა ყელისა და თვალების არეში. მათივე ცნობით, კომპანია მომავალში აპირებს, ამ ტიპის რობოტებით ჩაანაცვლოს დასაქმებული ადამიანები.

Wired-ის ცნობითვე, 2018 წლის ნოემბერში “ამაზონის” ორი კონტრაქტორი დაიღუპა ბალტიმორში შტორმის დროს კომპანიის სადისტრიბუციო ცენტრის კედლის ჩამონგრევის შედეგად; აპრილში ორი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ოჰაიოში ტორნადომ “ამაზონის” კუთვნილ შენობას სახურავი დაუზიანა.

გასული წლის სექტემბერში პენსილვანიაში მდებარე საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს სატვირთო მანქანამ გადაუარა, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.

დათვის საწინააღმდეგო წიწაკის სპრეისთან დაკავშირებული მსგავსი სულ ცოტა ორი ინციდენტი მოხდა 2015 და 2018 წლებში.

დათვის საწინააღმდეგო წიწაკის სპრეი

Guardian-ის გამოძიებამ 2018 წლის ივნისში გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დასაქმებულები საწყობებში მიღებული დაზიანებების გამო მუშაობას ვეღარ აგრძელებდნენ.

ბერნი სანდერსი, ამერიკელი სენატორი, რომელიც 2016 წელს “დემოკრატების” პრაიმერიზში ჰილარი კლინტონის მეტოქე იყო, ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც შეშფოთებას გამოთქვამს “ამაზონის” სამუშაო პრაქტიკასა და დაბალ ანაზღაურებაზე.

2015-1017 წლებში ბრიტანეთში არსებულ “ამაზონის” საწყობებში 600-ჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანები.

კომპანია უარყოფს ცუდი სამუშაო პირობების არსებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი