რაც შეეხება თბილისის საკრებულოს პროპორციულ მონაცემებს, ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება” – 47.5%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 26.1%, “ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია” – 8.1%, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 6.1.
ეგზიტპოლის მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 30,2% დაფიქსირდა.
ორგანიზაციამ GFK “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ეგზიტპოლი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ჩაატარა. მაშინდელი ეგზიტპოლით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 66.7% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – 20.2%. ეს მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა რეალური შედეგებისგან, რაც ცესკომ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
თუმცა ორგანიზაციამ GfK 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი ჩაატარა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით, რომლის მონაცემებიც რეალური შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. კერძოდ, ეგზიტპოლით “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა ამომრჩეველთა 35%-მა, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 30%-მა. ცესკოს მონაცემებით კი, აღნიშნულ არჩევნებში “ოცნებამ” მიიღო ხმების 54.97%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 40.34%.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთა შორის ხმების 55.23%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი (გიგი) უგულავამ გაიმარჯვა. სხვა კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ირაკლი ალასანია (“ალიანსი საქართველოსთვის”) – 19.05%, გიორგი ჭანტურია (“გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”) – 10.7%, ზვიად ძიძიგური (“ეროვნული საბჭო”) – 8.31%, გიორგი (გოგი) თოფაძე (მრეწველები) – 5.19%, თამაზ ვაშაძე (პ/მ “სოლიდარობა”) – 0.65%, ნიკოლოზ ივანიშვილი (“სახალხო დემოკრატები”) – 0.51%, დავით იაკობიძე (თორთლაძე – დემოკრატიული პარტია) – 0.21% და გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო) – 0.14%.







