ახალი ამბები

ივანიშვილი: არ მინდა, რაც მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვინმემ მე მომაწეროს

15 ივნისი, 2014 •
ივანიშვილი: არ მინდა, რაც მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვინმემ მე მომაწეროს

“მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს და მე ჩემს გამოსვლაში არ მიმინიშნებია იმაზე, რომ რატომ მუშაობს მაჭავარიანი პრეზიდენტის სამსახურში. მე ვთვლიდი და ახლაც შემიძლია გავიმეორო იგივე, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი, უბრალოდ, პოლიტკორექტულობას არღვევდა, მეტი არაფერი, თორე ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და სულაც არ მინდა, რომ ის, როგორც მოხდა და განვითარდა, ვინმემ მე მომაწეროს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მას მარგველაშვილმა ჯერ კიდევ განათლების მინისტრობის დროს ჰკითხა აზრი ვანო მაჭავარიანის დანიშვნასთან დაკავშირებით:

 

“მახსოვს, რომ მარგველაშვილი მინისტრი იყო ჯერ განათლების, როდესაც მკითხა მან მაჭავარიანზე, თუ შეიძლება, რომ ის სამინისტროში დაესაქმებინა და მე თანხმობა მივეცი, ძალიან კარგად მახსოვს. ამ შემთხვევაშიც, არც ერთ შემთხვევაში ეს ჩემთან არ უნდა დაკავშირდეს, ეს არის მათი ურთიერთობა და აქ არსად არ იკვეთება, რომ მე გამიწია ანგარიში, ან ჩემი განცხადების შედეგად არის. მე მხოლოდ ვამბობდი, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი, ის არ უნდა ყოფილიყო სახე პრეზიდენტის, ხოლოდ ამაზე გამოვთქვამდი ჩვენს პოზიციას, ვამბობდი, რომ უხერხულია, როდესაც მისი ძმა არის ძველი პრეზიდენტის ფავორიტი და ახალი პრეზიდენტის ფავორიტი იქნება ვანო მაჭავარიანი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილით უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ უკმაყოფილების ერთ–ერთი მიზეზი ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა იყო. 

 

13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის მრჩევლის (საგარეო ურთიერთობათა მდივანი) თანამდებობიდან გადადგნენ. 

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი