ახალი ამბები

უცნობია, ჩაურიცხავს თუ არა DOTS ხელფასს ექსთანამშრომელს, რომელზეც FB-ზე გავრცელდა ცნობა

5 დეკემბერი, 2018 • 2752
უცნობია, ჩაურიცხავს თუ არა DOTS ხელფასს ექსთანამშრომელს, რომელზეც FB-ზე გავრცელდა ცნობა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია DOTS საკუთარ თანამშრომელს, რომელიც კომპანიიდან წავიდა, ერთი თვის ხელფასს არ უხდის.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერს, რომლის თქმითაც, წასვლის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ მაღაზია მას ეუბნებოდა, რომ ხელფასს არ ჩაურიცხავდა.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ქსენია ფაიქიძე ამბობს,  “გალერია თბილისში” არსებული მაღაზიის მენეჯერი იყო და სამსახურის დატოვება პერსონალური მიზეზის გამო მოუწია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა და წასვლამდე მის თანაშემწეებს საჭირო ინფორმაცია გადასცა, მაღაზია მას ეუბნებოდა, რომ თვის ბოლოს ხელფასს არ ჩაურიცხავდა.

ქსენია ფაიქიძე იხსენებს, რომ არაერთხელ საუბარი ჰქონდა როგორც მენეჯერთან, ასევე დირექტორთან, რომელიც მის ანაზღაურებას ეხებოდა. ის გვიყვება, რომ თვის დასაწყისში ყველა ყოფილ თანამშრომელს ხელფასი ჩაერიცხა, მას კი – არა, რის შემდეგაც მისმა მეგობარმა ფეისბუკზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა DOTS-ის მარკეტინგისა და პრ-ის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კონტრაქტის მიხედვით ხელფასები ახალი თვის 5 რიცხვში ირიცხება და ზემოხსენებული ფეიბუკპოსტი ნაადრევი იყო. მათივე თქმით, ყოფილ თანამშრომელს აუცილებლად ჩაერიცხება ხელფასი, “თუმცა, საქმის გახმაურებისდა გამო, მცირედი დაგვიანებით”.

UPDATE: სათაური განახლდა (21:00) ახალი გარემოებების შესაბამისად:

DOTS ვეღარ აკონკრეტებს ჩაურიცხავს თუ არა ყოფილ თანამშრომელს ხელფასს

მასალების გადაბეჭდვის წესი