ახალი ამბები

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები 6 თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ

28 თებერვალი, 2019 • 1467
ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები 6 თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ითხოვენ, ადმინისტრაციამ 6 თვის სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ გადაუხადოს; კიდევ ერთი მოთხოვნაა, ქარხანამ მუშაობა განაახლოს.

პროფკავშირების თანახმად, შრომითი დავა 21 დღის წინ დაიწყო და პროცესში ჩაერთო სახელმწიფოს წარმომადგენელი მედიატორი, რომელიც ცალ-ცალკე შეხვდა მხარეებს;

28 თებერვალს, პროფკავშირებისა და მუშების მოლოდინით, უნდა დაწყებული მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში, ანუ დამსაქმებელი, პროფკავშირი და მედიატორი უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

თუმცა, პროფკავშირების თანახმად, ადმინისტრაცია მხოლოდ საკუთარ მუშებთან იყო მზად სალაპარაკოდ და პროფკავშირების გარეშე სურდა მოლაპარაკებების წარმოება.

მას შემდეგ, რაც მედიატორმა დასაქმებულებს ადმინისტრაციის პასუხი გააცნო, პროფკავშირებმა დააანონსეს მასშტაბური აქცია სამშაბათს, 5 მარტს. ამ დღეს ისინი საწარმოსთან შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ სხვა დარგების პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად.

“ადმინისტრაციას და უკვე სახელმწიფოსაც რადიკალური მეთოდებით მოვთხოვთ, დაკმაყოფილდეს მუშების მოთხოვნები”, – უთხრა ნეტგაზეთს პროფკავშირების წარმომადგენელმა, ილია ლეჟავამ.

“ადმინისტრაცია უარს აცხადებს, გადაუხადოს ხელფასები და დავალიანება გაუსტუმროს და უარს აცხადებს მოლაპარაკებებზე”,- უთხრა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს ვიტალი გიორგაძემ, პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

როგორც ილია ლეჟავა ამბობს, მათ სურდათ, ამ მოლაპარაკებებისას გაერკვიათ დეტალები, — რის გამო მოუწია ქარხანას გაჩერება, დგას თუ არა  რაიმე სირთულეების  წინაშე და ა.შ, თუმცა “ადმინისტრაციამ პროფკავშირების გარეშე მოინდომა დასაქმებულებთან შეხვედრა”.

მისი თქმით, შრომითი მოლაპარაკებების პროცესში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია, პროფკავშირებმაც მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში.

“ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარკებების პროცესი. მედიატორმა ვერ უზრუნველყო სამმხრივ ფორმატში შეხვედრა და ჩაფლავდა მედიაციის პროცესი”, – ამბობს ლეჟავა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შრომის სამინისტროს დეტალების დასაზუსტებლად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი