ახალი ამბები

ლაშა აბაშიძემ და ვანო მაჭავარიანმა თანამდებობები დატოვეს

13 ივნისი, 2014 • • 2043
ლაშა აბაშიძემ და ვანო მაჭავარიანმა თანამდებობები დატოვეს

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებების მიხედვით, მაჭავარიანიც და აბაშიძეც თანამდებობებიდან სკაუთარი ინიციატივით გადადგნენ.


ლაშა აბაშიძემ და ვანო მაჭავარიანი
ლაშა აბაშიძემ და ვანო მაჭავარიანი


“გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის – საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე.


გათავისუფლდეს ლაშა აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებებში.


პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ თანამდებობები მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა დატოვა. ადმინისტრაციაში მომხდარის მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. უცნობია მათი შემცვლელების ვინაობაც.


შეგახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანის თემა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამის შესახებ თავად არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ივანიშვილმა ისაუბრა.

 

“რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი მისი ძმა – მიშა მაჭავარიანია. მე ზოგადად ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ეს [ვანო მაჭავარიანი] ნაციონალური მოძროაბის ლიდერის ძმაა. თვითონ მიშა მაჭავარიანმაც რომ იმუშაოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამაშიც კი ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და დღესაც დაისმის. როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში და შევქმენით კოალიცია “ქართული ოცნება”, სადღაც ნოემბერში გიორგიმ მოიყვანა თავისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, რომ ის გახდებოდა ჩვენი გუნდის წევრი ოპოზიციაში და ასე შემდეგ. მე მასთან ძალიან ბევრი დრო დავხარჯე. საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში და მერე, ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ სურვილი აღარ აქვს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა ნაციონალრი მოძრაობის წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ის უმუშევარი იყო. მან შეაშინა ისინი. ქრთამის სახით მისცეს სამსახური საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტიც გილაური გახლდათ. 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად.

 

ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ეს ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერაც არ მოსულაო, ხელფასის ასაღებადაც არ დადის, ქრთამის სახით იღებსო და თქვენ ხომ არ გჭირდებათო, და მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-მეთქი, ანუ ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ჩემი აზრით, უმსგავსო საქციელი ჩაიდინა ამ კაცმა, რომელიც ჩვენთან მოვიდა იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა შეეშეინებინა: დამასაქმეთ, თორემ იმათთან წავალო. ნაციონალური მოძრაობაის ჩვეულებრივი წევრი იყო და დღეს ახალი პრეზიდენტის სახე გახდა”, – განაცხადა ივანიშვილმა 19 მარტს.


თავად მაჭავარიანმა კი აღნიშნა, რომ ივანიშვილმა არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა მის შესახებ განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი