ახალი ამბები

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნას არც ადასტურებს და არც უარყოფს

30 ნოემბერი, 2018 • 1852
ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნას არც ადასტურებს და არც უარყოფს

საქართველოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ტვ “პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ინიშნება.

როგორც ლაშა ჟვანია აცხადებს, ამჟამინდელ თანამდებობაზე პატრიარქის გადაწყვეტილებით დაინიშნა და მისი გათავისუფლების შესახებაც გადაწყვეტილება ილია მეორემ უნდა მიიღოს.

“ეს საკითხი ქალბატონი პრეზიდენტისა და კათოლიკოს-პატრიარქის მოლაპარაკების საგანი იქნება, ალბათ, და მერე დაგიდასტურებენ. ჩემი თანხმობა აქ არაფერ შუაშია,” – უთხრა ტვ “პირველს” პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.

  • ლაშა ჟვანია ედუარდ შევარდნაძისა და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა.

2002–2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუდმივი წევრი.

2003 წლის ნოემბრიდან ლაშა ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მოადგილე იყო. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში. 2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის 10 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, საიდანაც 2009 წლის 21 აგვისტოს გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი