ახალი ამბებისამართალი

გიგაურმა საქალაქო სასამართლოში ხაინდრავასთან დავა წააგო და სააპელაციოში ასაჩივრებს

30 ნოემბერი, 2018 • 2443
გიგაურმა საქალაქო სასამართლოში ხაინდრავასთან დავა წააგო და სააპელაციოში ასაჩივრებს

ეკა გიგაურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგა ხაინდრავასთან და გურამ ადამაშვილთან დავა წააგო. მისი თქმით, ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს სააპელაციო სასამართლოში და თუ საჭირო გახდება, სტრასბურგამდეც მიიტანს სარჩელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ მიიჩნია, რომ გოგა ხაინდრავას განცხადებებს ეკა გიგაურის შესახებ არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ელემენტი, კერძოდ: “არ წარმოადგენს მოსარჩელის შესახებ მტკიცებითი ფორმით ცილისმწამებლური ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას. მოპასუხეთა მიერ გაჟრერებული განცხადებები სასამართლომ ჩათვალა საზოგადოებრივი მოვლენის მიმართ მათ შეფასებად და კომენტარად, მათ სუბიექტურ მოსაზრებად.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ხაინდრავა-ადამაშვილს ედავებაპატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. გიგაური უნდობლობას უცხადებს ქართულ სასამართლოს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები გზა სწორედ სამართლებრივი ბრძოლაა:

“დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.

რეალურად კი რა მოხდა – სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე, დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.”

როგორც TI-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ქართული სასამართლოსთვის პრობლემა ეკა გიგაურია:

“ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა- სტრასბურგშიც!

არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები. მადლობა ქართულ სასამართლოს, ყველაზე “მიუკერძოებელ” და “სამართლიანს” მსოფლიოში!”

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დაადასტურა, რომ ცამდე მართალია.

“ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, რას წარმოადგენს ეკა გიგაური. მხოლოდ იმისთვის დავდიოდი ამ სამი წლის განმავლობაში დავდიოდი სასამართლოში, რომ მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ჩადიოდნენ და რას ჩადიან დღეს. სხვა არანაირი აზრი ჩემთვის აქ სიარულს არ ჰქონდა, რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ და ეს დაადასტურა სასამართლომ. ეს ვიცოდი არა მარტო მე, არამედ მთელმა საქართველომ.” – განაცხადა გოგა ხაინრდავამ.

ეკა გიგაურმა ხაინდრავასა და ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 2015 წელს უჩივლა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში დარბევაში მონაწილეობის ბრალდება ეკა გიგაურის მიმართ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გაახმიანა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამას დოკუმენტებით ხელში ამტკიცებენ, თუმცა ეკა გიგაური კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში არ გამოცხადებულა. თეა წულუკიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ეკა გიგაურიც. მისი თქმით, სამოქალაქო სარჩელი, რომელზეც წულუკიანი ლაპარაკობს, თავად მისი წამოწყებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი